მამუკა მდინარაძე – ბრალდებული თუ არღვევს აღკვეთის ღონისძიების მსუბუქ სახეს, მას უმძიმდება ღონისძიება, ეს კარგად იციან მელიამ, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა და ამიტომ დადგეს სპექტაკლი
სასაცილოა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სპექტაკლი, თითქოს გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, ვინც გირაოს თანხას შეიტანს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, ბრალდებული თუ არღვევს აღკვეთის ღონისძიების შედარებით მსუბუქ სახეს, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება.
„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, ბრალდებული თუ არღვევს აღკვეთის ღონისძიების შედარებით მსუბუქ სახეს, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. საქართველოში გამონაკლისი არის მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს შეფარდებული აქვს გირაოს გარკვეული რაოდენობა და ის უსახსრობის გამო ვერ ახერხებს გადახდას. ამ შემთხვევაში ქართული პროკურატურა, 2012 წლამდე არსებულისგან განსხვავებით, ცდილობს, არ დაუმძიმოს აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ასეთ სიტუაციასთან საქმე არ გვაქვს. არ გვაქვს ისეთი გამამართლებელი გარემოება, რომელიც იქნება არგუმენტი არდამძიმებისათვის.
სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ ბრალდებულს უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. ეს თავად ძალიან კარგად იცის ნიკა მელიამ, ეს იციან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ამიტომ დადგეს ეს სპექტაკლი, თითქოს ჩვენ გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, რომ შეიტანოს სახაზინო კოდზე, შესაბამის ანგარიშზე ნიკა მელიას თანხა. ეს სასაცილოა, პარადოქსია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.