მამუკა მდინარაძე - საქართველოში ხვალ ჩატარდება ისეთივე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, როგორიც 2012 წლის შემდეგ ტარდებოდა
მამუკა მდინარაძე - საქართველოში ხვალ ჩატარდება ისეთივე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, როგორიც 2012 წლის შემდეგ ტარდებოდა

საქართველოში ხვალ ჩატარდება ისეთივე დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, როგორც 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნების შემთხვევაში, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  როგორც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას, ხელისუფლება მოწოდებულია და აღებული აქვს პასუხისმგებლობა, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად.

„ეს არის დემოკრატიის ტესტი და „ქართული ოცნება“ დემოკრატიის მთავარი მიღწევის უარყოფას არასდროს აპირებს. ვფიქრობთ, წინასაარჩევნო გარემო მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში თუ არ ჩავთვლით ტყუილებს, რაც მოდის „რუსთავი 2“-დან და თუ არ ჩავთვლით პროვოკაციებს, რაც მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“. რეალურად, მცირე დარღვევების გარდა,  წინასაარჩევნო გარემო შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ. იქნება აბსოლუტურად დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ,  რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ ვთქვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნებისმიერი მოქმედება მიმართულია არა არჩევნებში გამარჯვებისაკენ, რადგან ნახეს, რომ ამის შანსი დაკარგეს, არამედ ე.წ. გეგმა ბე-სკენ, რომელიც არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას გულისხმობს“, – აღნიშნა ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.