მამუკა მდინარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა
მამუკა მდინარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ქართველი და იაპონელი პარლამენტარების გაცვლითი ვიზიტების შედეგებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

„ბევრი პოზიტიური გამოცდილება შეიძლება, გავიზიაროთ იაპონიისგან. ჩვენ ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს – ტრადიციებით, წარსულის პატივისცემით, მომავალზე ზრუნვით, პროგრესულობით და ბატონმა ელჩმა განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს ამ პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისთვის ეკონომიკის, ტექნოლოგიების, სამედიცინო თუ სხვა სფეროებში პროექტების განხორციელების კუთხით. ჩვენი მხრიდან მადლიერება გამოვხატე ამ დაპირებისთვის. ბუნებრივია, ამ პროექტებში ჩვენი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით ჩაერთვებიან და კონკრეტულ შედეგებზე გავალთ, რადგან იაპონიაში ამ მიმართულებებით შედეგები რამდენად შთამბეჭდავია, ვხედავთ. იაპონიის ელჩი სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობის მისაღებად დავპატიჟეთ, რაზეც დაგვთანხმდა და ეს პოზიტიური ურთიერთობა, ბუნებრივია, მომავალშიც გაგრძელდება. ზოგადად, ბოლო პერიოდში ელჩების მხრიდან ძალიან პოზიტიური გზავნილები მოდის. ბევრი კარგი ახალი ელჩი ჩამობრძანდა საქართველოში, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ გადატვირთვას ძალიან პოზიტიური ხასიათი აქვს. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი კიდევ უფრო ოპტიმისტური ხდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.