მამუკა მდინარაძე - საქართველოში არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული
მამუკა მდინარაძე - საქართველოში არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული

საქართველოში არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის არიან მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და არის დამდგარი შესაბამისი განაჩენები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ზოგადად, რაც პრინციპში აისახა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში, ამ პრინციპებს აქამდეც ვეთანხმებოდით და ახლაც ვეთანხმებით. ამისი გაყიდვა, რომ ვიღაცა შეთანხმდა იმაზე, რომ ხვალ გაუშვებს პოლიტპატიმარს, რომელიც რეალურად საქართველოში არ არის, ეს არის მორიგი ტყუილი და ასე გაყიდვა სხვა პრინციპის აღიარების, არ არის სწორი. ამაზე არ მგონია, რომ კარგი რეაქცია ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას. როდესაც შეთანხმება ერთ საკითხზე დგება, ამაზე უნდა ისაუბრო და არ უნდა მოატყუო ხალხს. რაღაც ჟივილ-ხივილი, არასწორი, არ უნდა ატეხო. ყველას, ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც და ქართულ საზოგადოებასაც მისალოცი ის აქვს, რომ შეთანხმება შედგა.

თუ თქვენ მეკითხებით, ისეთი შეთანხმება შედგა, რომ ვიღაცა გამოუშვებს და თან პოლიტპატიმარს დაარქმევს რომელიღაცა პატიმარს, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ესეთი საუბარი არ ყოფილა. ზოგადი პრინციპების აღიარებაა, რომ სასამართლო ზეწოლა არ იქნება და ასე შემდეგ და ბუნებრივია ამას ჩვენ მანამდეც ვამბობდით, ახლაც ვამბობთ და მომავალშიც გავიმეორებთ, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ საწყისებზე დგას. აქედან გამომდინარე ხალხის მოტყუება სწორი არ არის“,- განაცხადა მდინარაძემ.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.