მამუკა მდინარაძე - საქართველოს ვინც აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი, ამაზე დიდი ღალატი ვერ წარმომიდგენია
მამუკა მდინარაძე - საქართველოს ვინც აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი, ამაზე დიდი ღალატი ვერ წარმომიდგენია

საქართველოს ვინც აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, რომლის თანახმადაც: „„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხედვაში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოს კონკრეტული ურთიერთობები აქვს რუსეთთან. ამავე ხედვაში საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან კოორდინირებული მუშაობით ეხმარება რუსეთს, რათა გვერდი აუაროს სანქციებს“.

„პირდაპირ დავარქვათ თავისი სახელი. საქართველოს ვინც აბრალებს, რომ რუსეთს ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, ის მტრობს საქართველოს. რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ის მტრობს საქართველოს, ეს უნდა შევიგნოთ. შესაბამისად, რომან გოცირიძე გამოვა პარლამენტის სხდომაზე თუ ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ ენჯეოსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ამას ვინც დააბრალებს, რეალობის საწინააღმდეგოს იტყვის და მოიტყუება, ყველა მტრობს საქართველოს. ხვალაც და ზეგაც იქნება ასეთი მტრობა. ვინც არ უნდა თქვას, ტელევიზია იქნება ეს, ჟურნალისტი, პარლამენტარი, პოლიტიკოსი, ენჯეოსექტორის წარმომადგენელი, ის მტრობს საქართველოს.

როგორ შეიძლება, საკუთარ სამშობლოს აბრალებდე ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო მოქმედებას, როდესაც რეალობასთან აბსოლუტურად შორს არის? სანქციების ჯგუფი ჩამოვიდა ქვეყანაში და ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა, რომ საქართველო რუსეთს მიხმარებოდა სანქციებისთვის თავის არიდებაში. შენი ქვეყნის წარმომადგენელი როცა ამბობს, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს ამ მიმართულებით, ის მტრობს საქართველოს. ამას თავის სახელი უნდა დავარქვათ. ამაზე დიდი ღალატი მართლა ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.