მამუკა მდინარაძე - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რაიმე სახის კომპრომისს არც ერთი ქართველი არ დათანხმდება
მამუკა მდინარაძე - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რაიმე სახის კომპრომისს არც ერთი ქართველი არ დათანხმდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მეხუთე მუხლის გავრცელებასთან დაკავშირებით ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რაიმე სახის კომპრომისს არც ერთი ქართველი არასდროს დათანხმდება.

„საბედნიეროდ, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც არასდროს დადგება. ამ საკითხს რუსეთის გარდა, სხვანაირად არავინ აყენებს. რასმუსენმა ექსპერტის რანგში მოსაზრება შემოგვთავაზა იმის შესახებ, ხომ არ გაიხსნას დისკუსია მხოლოდ მეხუთე მუხლის გავრცელების შესახებ, ანუ, დარწმუნებული ვარ, მხედველობაში იღებდა უფრო ნატო-ში ჩვენი წევრობის დაჩქარებას და ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ადამიანის მოსაზრება და მეტი არაფერი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი, მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

დატოვე კომენტარი