მამუკა მდინარაძე - საქართველომ როგორც კი დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, მის მიმართ გამძაფრდა კრიტიკა, ყველას სჭირდება, საქართველო გამოიყენოს, როგორც პაიკი, ჩვენ ამას არ ვთმობთ
მამუკა მდინარაძე - საქართველომ როგორც კი დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, მის მიმართ გამძაფრდა კრიტიკა, ყველას სჭირდება, საქართველო გამოიყენოს, როგორც პაიკი, ჩვენ ამას არ ვთმობთ

შეგიძლიათ, განცხადებაში სადმე ამოიკითხოთ სიტყვა „უარი“ მოლაპარაკების გახსნაზე? ჩვენი მხრიდან ინიციატივაზეა საუბარი. მოლაპარაკების გახსნა თუ უნდათ, გახსნან, მოვაწერთ ხელს, ჩვენი მხრიდან ხვეწნა-მუდარა არ იქნება. ბოლოსდაბოლოს, ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ უპასუხა კითხვას: „არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველომ შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ, დასავლეთისკენ და მიდის რუსეთისკენ. სად არის ახლა ქვეყანა, მათთვის რა არგუმენტი გაქვთ?“

„„ნაცებისთვის“ ისედაც ჩელიაბინსკშია, მაგრამ მოდით, კიდევ ერთხელ განვმარტოთ ობიექტური ადამიანებისთვის, რომლებიც ერთდღიანმა უბინძურესმა კამპანიამ დააბნია. ვინმე თუ ეჭვობს რაიმე პროცესის შეჩერების შესახებ, შეგიძლიათ, განცხადებაში სადმე ამოიკითხოთ სიტყვა „უარი“ მოლაპარაკების გახსნაზე? ასე რომ გვდომოდა, გვიჭირს ხოლმე სიტყვების მოძებნა? სიტყვა „უარი“ თუ სადმე წერია, მაშინ მართლები არიან ისინი, ვინც ამასთან დაკავშირებით არათუ ბინძურად პროპაგანდირებენ, არამედ ეჭვიანობენ. რომელიმეს შეგიძლიათ მითხრათ, რომ სადმე წერია სიტყვა „უარი?“ „უარი“ თუ არ წერია და ჩვენი მხრიდან ინიციატივაზეა საუბარი, რომელი ინიციატივაც არავის არაფერში სჭირდება, მაშინ ჩვენ ვართ მართლები. მოლაპარაკების გახსნა თუ უნდათ, გახსნან, მოვაწერთ ხელს, ჩვენი მხრიდან ხვეწნა-მუდარა არ იქნება. ბოლოსდაბოლოს, ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია. შენ უნდა ეხვეწო, თან იმან თითი გიქნიოს – ახლა არ ვხსნი და წელიწადში, სულ მცირე, ორჯერ, დეკემბერში, გაისად გაზაფხულზე, შემოდგომაზე, ყველა ჯერზე ექნებათ ქვეყნის ამოტრიალების, ხელისუფლების გადაგდების მცდელობა. ყველა გაზაფხულზე და შემოდგომაზე უნდა იყოს ამ ქვეყანაში ტურბულენტობა, ინვესტიცია არ შემოვიდეს, ქვეყანა აირიოს, მიტინგები, ეს ძალადობები, რაღაცები უნდა იყოს. ყველა ჯერზე ვიღაც რაღაცას ვერ მოითმენს, ვიღაც გადააჭარბებს, არ გადააჭარბებს, რაღაც ძალადობის სცენები იქნება, ვიღაცას თავი გაუტყდება, აქეთ პოლიციელს, იქით მომიტინგეს, იქით ჟურნალისტს, ყველა ჯერზე უნდა ვიყოთ ამ მარაზმში? ჩვენ ვამბობთ, რომ მოდი, ერთხელაც გადავიაროთ ეს მარაზმი, რადგან ნახეთ, რას აკეთებენ, მაგრამ მომდევნო ოთხი წელი, 16 დეკემბრიდან დაწყებული, ამ საკითხს ვეღარავინ დაუბრუნდება, გაირკვევა სიმართლე. ცოტა გავიჭირვოთ ახლა, ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ეს სიმართლე. უარს კი არ ვამბობთ, ჩვენ არ შევალთ წინადადებით, ინიციატივით. ვინმეს რაიმე თუ უნდა, ადგნენ ახლა და ევროკავშირის ელჩს მოსთხოვონ, გახსნან მოლაპარაკებები. სხვას თუ უხსნიან მოლაპარაკებებს, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ სხვაზე წინ ვართ ყველა კრიტერიუმით. მოლაპარაკებას თუ უხსნიან მოლდოვას, „ესენგეს“ ქვეყანას, რომლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთში უნდა ჩავიდნენ და მოლაპარაკებები გამართონ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, არ უხსნიან საქართველოს, რომელიც ბევრად წინ არის? მოლდოვას ერთი წლით ადრე თუ აძლევენ კანდიდატის სტატუსს, ჩვენს შემთხვევაში რა ხდება? რაღაც ხომ ხდება. შევთანხმდეთ იმაზე, რომ რაღაც ცუდი ხდება ამ ქვეყნისთვის. ეს რაღაც რა არის? ერთი ვერსიაა, რომ ამ ქვეყნის ომში შესვლა უნდათ. არ გჯერათ ამ ვერსიის? მაშინ მეორე ვერსია თქვენ დაასახელეთ. სანქციების დაწესება უნდათ რუსეთისთვის? სანქციების დაწესება ჩამოანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას. ეს უნდათ? რატომ? ომში შესვლა, აქ მივდივართ ბოლოს. სხვა რელევანტური და საღ აზრთან მდგომი, ახლოს მყოფი ვერსია ბუნებაში არ არსებობს. მაშინ რატომ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ყველა კრიტერიუმით ხარ წინ, ყველა წარმატება ევროკავშირის გზაზე „ქართული ოცნების“ ანგარიშზეა და მოლდოვას აძლევენ თავისუფლად, რომელიც „ესენგეს“ წევრია. რა რუსეთისკენ და რის რუსეთისკენ სვლა და ვინ ვინ შეაქო, იქ კიდევ გამოხტებიან ხოლმე ოკუპანტი ქვეყნის ლიდერები, რაღაცებს ლაპარაკობენ, მაგათი ქება არავის არაფერში სჭირდება. ეს თანხვედრები და რაღაც საოცრებები ხდება ჩვენ ირგვლივ და ჩვენი პატრონი, ამ შემთხვევაში, ამ ქვეყნის, არავინ არ არის, გარდა ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლებისა. ამაშია მთავარი ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძეს განცხადებით, „საქართველომ როგორც კი დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, მის მიმართ გამძაფრდა კრიტიკა, ყველას სჭირდება, საქართველო გამოიყენოს, როგორც პაიკი“.

„როგორც ჩანს, არავის აწყობს ამ ქვეყანაში დაწყობილი და მშვიდი ვითარება. რაში სჭირდებათ შენი სტაბილური განვითარება და ეკონომიკური წინსვლა? ყველას უნდა, თავის გლობალურ ინტერესებში გამოადგეს, რუსეთსაც და სხვებსაც. ყველას უნდა, შენ იყო ბერკეტი, იარაღი და პაიკის როლი შეასრულო. ადრე თუ გვიან ამას უნდა მივხვდეთ. როგორც კი საქართველომ დაიწყო დამოუკიდებელი თამაში, იმ წუთას მის მიმართ გამძაფრდა კრიტიკა, ისეთი განცხადებები, მოქმედებები, რაც არ აწყობს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და მის ხალხს. რატომ ხდება ეს? რადგან ყველას სჭირდება, რომ გლობალურ ბრძოლებსა და ომში გამოიყენოს საქართველო, როგორც პაიკი. ჩვენ არ ვთმობთ ამას და გარე ძალების აგენტურა მოწოდებულია, ვის რა მოატყუოს. მართლები თუ არიან, ჩვენს განცხადებაში რაც ეწერა, ის დაუწერონ ტიტრებად თავიანთ ტელევიზიებს და შემდეგ გადაწყვიტოს ხალხმა, აღშფოთდება თუ არა“, – განაცხადა მდინარაძემ.