მამუკა მდინარაძე - საქართველო მსოფლიოში ალბათ პირველი ქვეყანაა, სადაც არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ყალბდება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ
მამუკა მდინარაძე - საქართველო მსოფლიოში ალბათ პირველი ქვეყანაა, სადაც არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ყალბდება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ

ჩვენს მეგობრებთან, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებთან, ერთადერთი, რაც საკამათო გვაქვს, არის ის, რა დოზით შეიძლება, ვთქვათ რაღაც ამბები საჯაროდ და რა დოზით – არა. იქნება თუ არა რიგ შემთხვევებში ეს დამაზიანებელი, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია, ამის შესახებ უკვე ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში 2020 წელი იყო საარჩევნო წელი და არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობის წელი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ იმ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ „ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ, 2020 წლის არჩევნების ანალოგიურად, არ ცნონ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია და მარცხის მიუხედავად, ხალხს „ნაცმოძრაობის“ აგენტოკრატია თავს მოახვიონ“.

მდინარაძის თქმით, 2020 წელს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ ხმის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება უნდა ყოფილიყო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ 2024 წელს გარკვეული ძალების მხრიდან იქნება მსგავსი სახის მცდელობები, თუმცა, ქართული საზოგადოების მხარდაჭერით, სახელმწიფო ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება.

„თქვენ ალბათ გახსოვთ, ISFED-ის გაყალბებული მონაცემები: ალბათ საქართველო არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც არა არჩევნები, რომელიც პატიოსნად ტარდება, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ყალბდება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რაც წარმოუდგენელი ამბავია. ეს უნდა ყოფილიყო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ამის მცდელობა, სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ვიხილეთ ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი, რომ გარკვეული ძალები 2024 წელსაც შეეცდებიან ამის გაკეთებას, არსებობს. თავადაც ვერ წარმოუდგენიათ, სხვა გზით როგორ შეიძლება, საქართველოში რადიკალურმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს. ქართული საზოგადოების მხარდაჭერით, ქართველი ხალხის ძალისხმევით, რაც არის მთავარი ძალა, რომელიც სიმართლეს ამაგრებს, ბუნებრივია, 2024-შიც მარტივად გადავლახავთ ამ გამოწვევას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.