მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო ცხოვრებაში ინტერპელაცია ევროპული ტიპის ტრადიციაა
მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო ცხოვრებაში ინტერპელაცია ევროპული ტიპის ტრადიციაა

საპარლამენტო ცხოვრებაში ინტერპელაცია ევროპული ტიპის ტრადიციაა, რომლის ფარგლებში დეპუტატებს საშუალება გვექნება, ერთი საკითხის გარშემო ვიდებატოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტში ახალი, კარგი ტრადიცია დაინერგება.

„ეს ფორმატი შემოკლებული ვერსია ე.წ. მინისტრის საათის, რომლის ფარგლებში მინისტრები და პრემიერი პარლამენტში ცხადდებიან და კონკრეტულ კითხვებზე, კონკრეტულ პასუხებს გასცემენ. ინტერპელაციის წესი იმას გულისხმობს, რომ დეპუტატთა ჯგუფის მიერ ერთი კითხვა დაისმება და ამაზე პასუხს პრემიერ-მინისტრი გასცემს”, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტში დღეიდან პირველად ინტერპელაციის წესი ამოქმედდება. ამ ფორმატის ფარგლებში, დეპუტატები პირველად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ. მთავრობის ხელმძღვანელი კანონმდებლებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით წარუდგენს.

პრემიერ-მინისტრის გარდა, ინტერპელაციის ფარგლებში, დღევანდელ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმენენ.