მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ომის გამოცდილება, გამოცდილება, როგორ არ შეიძლება, მოეპყრო საკუთარ ქვეყანას, აგვისტოს ომის შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება
მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ომის გამოცდილება, გამოცდილება, როგორ არ შეიძლება, მოეპყრო საკუთარ ქვეყანას, აგვისტოს ომის შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება

ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ ომის გამოცდილება, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორ არ შეიძლება მოეპყრო საკუთარ ქვეყანას აგვისტოს ომის შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება, – ამის შესახებ „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველო, ყოველთვის, ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან უზრუნველყოფს მისი მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას ისევე, როგორც ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

ამასთან, მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კიდევ ერთი გამარჯვება საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში სტრასბურგის სასამართლოს ორი გადაწყვეტილების შემდეგ და ეს მხოლოდ მისასალმებელია.

„რა შეიძლება დავარქვათ იმას რაც დღეს ხდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. რუსეთის ღია აგრესია ომი უკრაინაში მისი ოკუპაციური ზრახვები და საინფორმაციო ჰიბრიდული ომი საქართველოში და საქართველოზე. ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ ომის გამოცდილება, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორ არ შეიძლება მოეპყრო საკუთარ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორ დაიპყრო და როგორ მოახდინა ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების რუსეთმა – ოკუპანტმა ქვეყანამ. როგორ დაერქვა კოდორს აფხაზეთი, როგორ სიტყვა ყოფილის დამატებით, მაგრამ მაინც დაარქვეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და როგორ დაადგინეს მისი საზღვრები. აგვისტოს ომის შემდეგ როგორ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება, თუმცა ტყუილი, და ამ დღეებში ბევრი საუბარი იყო ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება, კომენტარი არ გავაკეთოთ, როგორ დააბრალეს, დაადანაშაულეს საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში. როგორ მიჰყიდეს სტრატეგიული ობიექტები ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსულ კომპანიებს და როგორ აკეთებენ დღეს ქსენოფობიურ კამპანიას, როგორ ქმნიან და ბინების მიქირავებაზე და ტურისტების ჩამოსვლა არ ჩამოსვლაზე ლაპარაკობენ და ამით უტრირებენ. როგორ დააწესეს მათ უვიზო რეჟიმი რუსეთთან ნაწილობრივ 2010 წელს, სრულად 2012 წლის თებერვალში, როგორ დამალეს ისკანდერის ნაწილები და არაფერი გააკეთეს მტკიცებულებების მოსაპოვებლად რისი გაკეთებაც ჩვენ მოგვიწია და ძალიან კარგი, რომ ეს ასე მოხდა და რა შედეგი მივიღეთ ამასთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ, სამწუხაროდ, ეს არავის აღუნიშნავს ამ ტრიბუნიდან – ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კიდევ ერთი გამარჯვება სამართლებრივ სივრცეში, საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში სტრასბურგის სასამართლოს ორი გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე წარმატებები მოიპოვა.

„2012 წლის შემდეგ რა ხდება ქვეყანაში. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე წარმატებები მოვიპოვეთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე 2014 წელს, ევროკავშირთან ხელი მოაწერა საქართველომ ასოცირების შეთანხმებას და უკვე რვა წელია, წარმატებით სრულდება ის. 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2014 წლის 27 ივლისს იქნა ხელმოწერილი. საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერად მრავალი მიმართულებით წინ უსწრებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. და რა ხდება დღეს. დღეს ოკუპანტი ქვეყანა კვლავ იგივეს აკეთებს, ისევ იბრძვის სხვა ქვეყანაში, ისევ აწარმოებს ღია აგრესიას. თანამედროვე სამყარო სხვადასხვა გზით ცდილობს ომის შეჩერებას და ვივარაუდოთ, რომ შეძლებს ამას, შეძლებს მშვიდობის უზრუნველყოფას, რადგან იხოცებიან ადამიანები, უდანაშაულო ადამიანები და ბავშვები. სამწუხაროდ, საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყნის დაზიანების მცდელობებიც ვნახეთ.

საქართველო ყოველთვის, ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან უზრუნველყოფს მისი მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას ისევე, როგორც ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, მათ შორის იმ დამაზიანებელი განცხადებების საპასუხოდ, რა განცხადებებსაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ვისმენთ. საქართველო გახდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანაავტორი, რომელიც გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას – აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში. საქართველომ ეუთო-ს 44 წევრთან ერთად, მხარი დაუჭირა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რაც მიზნად ისახავს გამოიძიოს ეუთო-ს ვალდებულებების შესაძლო დარღვევისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევის შემთხვევები, ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო შემთხვევები.

საქართველო არის იმ 38 სახელმწიფოს შორის, რომელთაც მიმართეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, დაიწყოს გამოძიება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და სამხედრო დანაშაულების შესახებ. ეს არის ჩვენი დიპლომატიური და უპირობო მხარდაჭერის მცირედი ჩამონათვალი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.