მამუკა მდინარაძე - სამხრეთ კორეაში ვიზიტისას შევეცდებით, რომ სამომავლოდ ამ ქვეყნის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებზე მხარდაჭერა იყოს
მამუკა მდინარაძე - სამხრეთ კორეაში ვიზიტისას შევეცდებით, რომ სამომავლოდ ამ ქვეყნის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებზე მხარდაჭერა იყოს

სამხრეთ კორეაში ვიზიტისას შევეცდებით, რომ სამომავლოდ ამ ქვეყნის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებზე მხარდაჭერა იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამხრეთ კორეაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„პირველივე შეხვედრა იქნება სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელთან, ვისთანაც ვისაუბრებთ საპარლამენტთაშორისო, საკანონმდებლო ორგანოების  ურთიერთობების გაღრმავებაზე. ვიცით, რომ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც მათ საქართველოსთან მიმართებით მისაღებ რეზოლუციებზე არ გააჩნიათ ხისტი პოზიციები, თუმცა ხშირად თავშეკავებაა რეზოლუციის მხარდაჭერაზე მიუხედავად იმისა, რომ ისინი მკაფიოდ უჭერენ მხარს და გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის მიუხედავად, რეზოლუციებზე საერთაშორისო პლატფორმებზე მათი მხარდაჭერა არ ფიქსირდება. ისინი არ არიან წინააღმდეგი, რაც საქართველოს სასარგებლოდ იწერება, მაგრამ არის თავშეკავება. ამაზე ჩვენი თხოვნა გვექნება და შევეცდებით, სამომავლოდ ამ ქვეყნის მხრიდან რეზოლუციებზე მხარდაჭერა იყოს. ასევე მსჯელობა იქნება ბიზნესთან დაკავშირებითაც. თხოვნა იქნება, რომ საკანონმდებლო ორგანომ უზრუნველყოს, გარკვეული ლეგიტიმური ჩარევა, რათა მეტი ინვესტიცია წამოვიდეს და იშუამდგომლონ ბიზნესსექტორის წარმომადგებლებთან. იცით, რომ რამდენიმე სერიოზულ პროექტზე მიდის საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.