მამუკა მდინარაძე - არავინ შეუშლის ხელს ადამიანებს საკუთარი პოზიციის გამოხატვაში, მთავარია, არ იყოს უკანონო მოქმედებები
მამუკა მდინარაძე - არავინ შეუშლის ხელს ადამიანებს საკუთარი პოზიციის გამოხატვაში, მთავარია, არ იყოს უკანონო მოქმედებები

სახელმწიფო, სამართალდამცავი ორგანოები უნდა იდგნენ თავის ადგილას, ყველას უნდა მოუწოდონ, დაიცვან კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად უზრუნველყონ კანონის აღსრულება, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძეს მედიის წარმომადგენლებმა პრემიერის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, ხომ არ აშინებს ხელისუფლება მოსახლეობას.

„ვფიქრობ, ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია იქნება იმის თქმა, რომ ვიღაც ვიღაცას აშინებს. თუ კანონის დაცვა, მოწოდება კანონის დაცვისკენ ადამიანის უფლებების ყველა კონტექსტის გათვალისწინებით, კანონის დაცვა სამართალდამცავთა მხრიდან არის შეშინება, ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად სპეკულაციური მიდგომა იქნება. სახელმწიფო, სამართალდამცავი ორგანოები უნდა იდგნენ თავის ადგილას, ყველას უნდა მოუწოდონ დაიცვან კანონი და კანონის არ დაცვის შემთხვევაში, თავად უზრუნველყონ კანონის აღსრულება. პარლამენტი ბლოკირებული იყო, უფრო არაკანონიერი შეგიძლიათ დამისახელოთ?“ – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, პოლიციამ კანონის დაცვით აღკვეთა პარლამენტის ბლოკირება.

„შემიძლია, მადლობაც გადავუხადო პოლიციელებს, რათა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გაფრთხილებით, კანონის თითოეული დეტალის მაქსიმალური დაცვით შეძლეს, აღეკვეთათ  საქართველოს პარლამენტის ბლოკირება. ასევე, ობიექტური რომ ვიყო, მადლობა უნდა გადავუხადო აქციის მონაწილეთა იმ ნაწილს, რომელიც დაემორჩილა სამართალდამცავთა მოთხოვნას და განერიდა სიტუაციას, რაც ასევე პასუხისმგებლიანი საქციელი იყო მათი მხრიდან. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბლოკირების აღკვეთა უნდა ყოფილიყო  საფუძველი, რომ დღეს აღარავის გაეპროტესტებინა, ეს მიდგომა ჩვენ დიდი ხანია, მართლა წარსულს ჩავაბარეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„მათ შეუძლიათ, გააპროტესტონ, გამოხატონ, რაც უნდათ. დღეს საქართველოში ისეა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის თავისუფლება დაცული, არავინ შეუშლის ხელს ამ ადამიანებს თავისი პოზიციის გამოხატვაში. მთავარია არ იყოს უკანონო მოქმედებები, დანარჩენი სივრცე მათთვის თავისუფალია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია. „პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის უფლებაც ჰქონდა. სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების, უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც გაკეთდა, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.