მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მისასალმებელი სტარტია მისი უდავო წარმატებისთვის
მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მისასალმებელი სტარტია მისი უდავო წარმატებისთვის

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა მისასალმებელი სტარტია მისი უდავო წარმატებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ახალი პრეზიდენტი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო, რომელიც ყველაფერზე მაღლა დადგებოდა.

„როდესაც უახლოეს წარსულში ფაქტობრივად ახალი კონსტიტუცია იწერებოდა, ჩვენს წარმოდგენაში საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო, რომელიც ყველაფერზე მაღლა დადგებოდა და რომელიც აქცენტს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებდა – ქვეყნის ერთიანობა, ქვეყნის განვითარება და ეროვნულობა. პრეზიდენტის მოხსენება დღეს სწორედ ამის შესახებ მოვისმინეთ. ვფიქრობ, ეს მისასალმებელი სტარტია მისი უდავო წარმატებისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისში მდებარე შენობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას საერთაშორისო კონფერენციების ცენტრის შესახებ, დეპუტატის თქმით, ყველა საკითხი განხილვადია.

„პრეზიდენტს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება აქვს, თავისი წარმოდგენა ჰქონდეს, რა შეიძლება განთავსდეს ქუთაისის პარლამენტის სასახლეში. ჩვენ დღესაც ამ აზრზე ვართ, რომ იქ უნდა იყოს პოლიციური ჰაბი. ნებისმიერი საკითხი განხილვადია. დღეს კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცილისწამების შესახებ პრეზიდენტის განცხადებებზე კი, ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ საზოგადოება უფლებამოსილია, ობიექტურ ინფორმაციას იღებდეს.

„საუბარია ცრუ ინფორმაციაზე და დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებაზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ბეწვის ხიდზე ისე უნდა ვიაროთ, რომ სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას. მეორე მხრივ, საზოგადოება უფლებამოსილია, სრულფასოვან, ობიექტურ და სწორ ინფორმაციას იღებდეს. მსგავს საკითხებზე მსჯელობითაც კი, სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტის გამოსვლას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.