მამუკა მდინარაძე - საკუთარი ქვეყანა ძალიან არ უნდა გიყვარდეს, რომ ამერიკის პოზიტიური შეფასება სხვანაირად გადათარგმნო
მამუკა მდინარაძე - საკუთარი ქვეყანა ძალიან არ უნდა გიყვარდეს, რომ ამერიკის პოზიტიური შეფასება სხვანაირად გადათარგმნო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოებისთვის ტყუილზე დაფუძნებული ახალი დღის წესრიგის შეთავაზებას ცდილობს.

მაგალითისთვის მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ პარტნიორებს მიაწოდა  85-87 კაციანი სია, რომელთა დიდი ნაწილი პატიმრობაში საერთოდ არ იმყოფებოდა.

მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან პოლიტპატიმრებზე საუბარიც კი ზედმეტია.

„არასერიოზულობის ხარისხზე გაღიმებაც კი შეიძლება. წინა დღეებში ვნახეთ, როცა ჩვენს პარტნიორებს ოპოზიციამ 85-87 კაციანი სია მიაწოდა, რომელთაგან დიდი ნაწილი პატიმრობაში საერთოდ არ იმყოფებოდა, პოლიტპატიმრებზე საუბარი ხომ ზედმეტია. ნახევარდღიანი ტყუილის გასაღებასაც კი ცდილობდნენ. საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. არ შეიძლება, ასეთ სიებზე ვილაპარაკოთ. ცდილობენ, მედიის გავლით საზოგადოებას ახალი დღის წესრიგი შესთავაზონ, რასაც საფუძვლად მხოლოდ ტყუილი უდევს“ ,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციამ  გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციის გაყალბებაც სცადა.

„ხან სიტყვა დაჟინებით ჩაამატეს, ხან განმტკიცება განმარტეს, როგორც მოწოდება, რომ გამოასწორო. ადამიანი განმტკიცებას და გამოასწოროს შორის სხვაობას რომ არ დაინახავს იმ მიზნით, რომ საზოგადოება მოატყუოს, ეს არის მათი დღის წესრიგი. როცა ამერიკას პოზიტიური შეფასება აქვს, ალბათ, საკუთარი ქვეყანა ძალიან არ უნდა გიყვარდეს, რომ ესეც კი სხვანაირად გადათარგმნო. სანქციების დაწესება „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა, ქართული საზოგადოების ოცნება ქვეყნის განვითარებაა, ქვეყანა ტყუილებზე არ ვითარდება და ტყუილი რისი საფუძველიც არის, ეს დღის წესრიგს ვერ შექმნის“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.