მამუკა მდინარაძე - სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად მოიქცევიან
მამუკა მდინარაძე - სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად მოიქცევიან

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სამი დღის განმავლობაში სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირების შესახებ დასმულ კითხვაზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა კანონის მიხედვით იმოქმედებს.

„ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც კანონსა და კანონიერებას უპირისპირებდნენ უკანონობასა და ბოროტებას. ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობას სახელმწიფო უპირისპირებს კანონს. სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, აღმასრულებელი სტრუქტურა და სამართალდამცავი ორგანოები მოიქცევიან კანონის შესაბამისად. ნახეთ, რომ სამი დღის განმავლობაში იქ შეკრებილი პარტიების ლიდერებმა მოთხოვნაც ვერ დააყენეს ისეთი, პოზიციაც ვერ გაახმოვანეს ისეთი, რომელიც იქნებოდა კონსტიტუციური. ხან გვთავაზობენ გერმანულ მოდელს, ხან 100 ხმით თითქოს გასული იყო კანონპროექტი და ასე შემდეგ. მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობის მიუხედავად, ყველა ადამიანის პოზიცია მნიშვნელოვანია.

„ხალხის რაოდენობაზე არ გავამახვილებდი ყურადღებას, მათ შორის ვხედავთ სოციალურ ქსელებში, რომ უნდა შეეკრიბათ 20 000 ადამიანი და მივიდა ოთხი თუ ხუთი ათასი. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ადამიანის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ ასე ვფიქრობთ. ამიტომ, 4 000 მივიდა ან 4 500, 20 000 ნაცვლად, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.