მამუკა მდინარაძე - საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები ერთმანეთთან თავსებადი არ არის, თავის დროზე ეს გადაწყვეტილება სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა
მამუკა მდინარაძე - საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები ერთმანეთთან თავსებადი არ არის, თავის დროზე ეს გადაწყვეტილება სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების გაერთიანების გადაწყვეტილება თავის დროზე რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა და დაკავშირებული იყო გუნდის ყოფილ ლიდერთან.

ამასთან, მდინარაძის თქმით, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნით ინსტიტუტი და მისი ფუნქციები კი არ სუსტდება, პირიქით – ძლიერდება.

„ყველაზე ლეგიტიმურია შეკითხვა – საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქცია თავსებადია თუ არა ერთმანეთთან, ან სადმე, მსოფლიოში არის თუ არა ერთად? – არა. გეთანხმებით იმაში, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. თავის დროზე, ეს გადაწყვეტილება რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა და ეს დაკავშირებული გახლდათ ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან.

როცა საკითხი დადგა, გავიაროთ, რა არის სწორი ინსტიტუციურად, შესაძლებელია თუ არა, ერთად იყოს ეს ორი ფუნქცია, თავსებადია თუ არა, და მსოფლიოში არ არის პრეცედენტი იმისა, რომ პერსონალური დაცვის ფუნქცია საგამოძიებო ფუნქციას ითავსებდეს. რამდენად სუსტდება ინსტიტუტი და მისი ფუნქციები – პირიქით, ძლიერდება. საგამოძიებო ფუნქცია ძლიერდება და არაერთი მუხლი ემატება. შესაბამისად, გაყოფით და არა გაუქმებით, ორი უწყების ჩამოყალიბებით ხდება გაძლიერება. მოვისმინე, თითქოს ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ ამ უწყებაში ვინც მუშაობს, უმუშევარი ხდება. ეს არის არასწორი.

ამ უწყებაში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთაც სერიოზული პრაქტიკა დაუგროვდათ – როგორც საგამოძიებო, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით. შეუძლებელია, ვინმემ იფიქროს მათი ხელაღებით სამსახურიდან გათავისუფლებაზე, რაიმე ასეთ ჩარევაზე. ყალიბდება ორი სამსახური, რომელსაც შესაძლოა დასჭირდეს არა კადრების შემცირება, არამედ პირიქით – დამატება. ბუნებრივია, პროფესიონალი კადრები საკუთარ სამსახურს შეინარჩუნებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ინსპექტორის სამსახურს სჯის სააკაშვილისა და ლაშქარავას საქმეების გამო. მამუკა მდინარაძის თქმით, ეს სპეკულაციური მესიჯია.

„სხვას არც ველოდით. სიმართლეა ის, რაც სამი თეზისის სახით მოგიყევით. ლონდა თოლორაიას, ისევე, როგორც სხვა ადამიანებს, შესაძლებლობა ექნება, ერთი ან მეორე სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობა მიიღოს. მას ამას ვერავინ დაუშლის. კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან ხელმძღვანელები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები ერთმანეთთან თავსებადი არ არის და თავის დროზე ეს გადაწყვეტილება რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა.

„რაც ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან იყო დაკავშირებული, ის პირველი პირი იყო. ვიღაცები საკითხის ამგვარად გადაწყვეტას ლობირებდნენ, რაც აღმოჩნდა, რომ არასწორია“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება, რომელთა ნაცვლად, ორი ახალი – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინება.

დატოვე კომენტარი