მამუკა მდინარაძე - საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა, შესაბამისად მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს“ რელევანტური არ არის
მამუკა მდინარაძე - საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა, შესაბამისად მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს“ რელევანტური არ არის

საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა, შესაბამისად მოწოდება, რომ „ის უნდა გაგრძელდეს“ რელევანტური არ არის, – ასე პასუხობს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩავატაროთ; უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვაძლევდა; ვცვლით პარტიების დაფინანსების წესს უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე მოდელით და ა. შ. და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება რეალიზების პროცესშია, მუშაობა გრძელდება – სექტემბერში ჩატარდება საჯარო განხილვები, შემდგომ გვექნება საკომიტეტო მოსმენები და არაერთი სამუშაო შეხვედრა. ამის შემდეგ კი ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე გავიტანთ“, – აცხადებს მდინარაძე.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 და 6 აგვისტოს გაიმართა საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც განიხილებოდა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ინიციატივები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.