მამუკა მდინარაძე - საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღწეულია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი
მამუკა მდინარაძე - საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღწეულია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მიღწეულია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, განმასხვავებელი მოსაზრებები მხოლოდ ბლოკებთან დაკავშირებით გამოითქვა, თუმცა, როგორც მდინარაძე ამბობს, აღნიშნულ დათმობაზე მმართველი გუნდი სავარაუდოდ არ წავა.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რის გამოც სავარაუდოდ, ბლოკების დაშვება არ იქნება.
როცა ვსაუბრობთ პარტიების განვითარებაზე, დაფინანსების წესის შეცვლაზე, რეალურ პარტიებზე და არა ერთ კაციან პარტიებზე, როგორიც ჩვენ გვახსოვს წარსულიდან საქართველოში, შეუძლებელია, ეს დალაგდეს საზოგადოების ინტერესის შესაბამისად ბლოკების არსებობისას,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად დაუჭერენ მაჟორიტარები მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც მდინარაძე ამბობს, გუნდს ექნება ერთიანი გადაწყვეტილება.

„აღნიშნული ცვლილებების პოზიტიურობის გათვალისწინებით, მას მხარს დაუჭერს ოპოზიციაც“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.