მამუკა მდინარაძე - სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც გაურკვეველ გარემოებებში იღუპებოდა ასობით ადამიანი, ნავალნისთან მისი შედარება ამორალურია
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც გაურკვეველ გარემოებებში იღუპებოდა ასობით ადამიანი, ნავალნისთან მისი შედარება ამორალურია

უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის საფუძვლიანი ეჭვები, რაც ვრცელდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზებზე, ძალიან სამწუხაროა.

„ნავალნის გარდაცვალება, სამწუხაროდ, გვახსენებს 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში. დღეს ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასაც ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ ეს გახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს. ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა გაურკვეველ ვითარებაში. ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, „ენჯეოს“ ზოგიერთ წარმომადგენელი. დღეს ამ საკითხზე რუსეთის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვთ ამ ადამიანებს საქართველოს კონტექსტში. ეს არის ჩვენი ქვეყნის პარადოქსი.

მიხეილ სააკაშვილია ის ადამიანი, რომელმაც შექმნა სისტემა, სადაც გაურკვეველ გარემოებებში იღუპებოდა ასობით ადამიანი. ოდნავ მორალი თუ აქვს, ადამიანმა როგორ უნდა გაბედო ამ შედარებაზე ლაპარაკი, როდესაც დღეს ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის ოროთახიან ლუქსში? ძალიან გთხოვთ, დაგუგლოთ, რანაირ საკანში იჯდა ნავალნი პატიმრობის დროს. ერთმანეთის გვერდით დადეთ ორივე ფოტო და რანაირი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხვავებაა პატიმრობის მიზეზებით დაწყებული, პირობებით გაგრძელებული. უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, იმ სისტემის შემქმნელი, სადაც პატიმრები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან, არ არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.