მამუკა მდინარაძე -  სააკაშვილის მოწოდებაა, ნიკა მელია თავისი ფეხით წავიდეს ციხეში, რაც თავად ვერ გააკეთა, დარწმუნებული ვარ, გირაოს გადაიხდის, რადგან გმირობა „ნაციონალების“  ბუნება არ არის
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის მოწოდებაა, ნიკა მელია თავისი ფეხით წავიდეს ციხეში, რაც თავად ვერ გააკეთა, დარწმუნებული ვარ, გირაოს გადაიხდის, რადგან გმირობა „ნაციონალების“ ბუნება არ არის

ძალიან მკაფიო სიტუცია არის – ნიკა მელია კანონს დაექვემდებარება და დაემორჩილება, თუ მიხეილ სააკაშვილს. მესამე ვარიანტი არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის.

„მიხეილ სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, რომ თავისი ფეხით, თავისი სურვილით წავიდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა და გამოიყვანოს ფსევდოგმირი ნიკა მელიას სახით, ამით ცეცხლი დაანთოს, რადგან მეტი შანსი აღარ აქვს. თავად ძებნილი ადამიანი ასე თვლის. მეორე მხრივ კი, ეს ყველაფერი გამოიყენოს რათა საერთაშორისო თუ შიდა მოხმარებისთვის რამენაირად პილიტდევნილის სტატუსი აკიდოს, მისი მიზანი ეს არის. დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია გირაოს გადაიხდის. თუ დააკვირდებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, თავის არხებთან ერთად მესიჯს ალაგებენ, რომ თითქოს, ჩვენ გავიქცევით და ნიკა მელიას გირაოს გადავუხდით. წარმოუდგინეთ, პიარული თავხედობის ხარისხი და დონე. დღეს ინფორმაცია გახმოვანდა, რომ ისინი ცდილობენ, ადამიანი მოძებნონ, რომელიც გირაოს გადაიხდის და შემდეგ ქვეყანას დატოვებს, რომ მედიამ კითხვები არ დაუსვას. შემდეგ იტყვიან, თითქოს, ეს ადამიანი ხელისუფლებიდან მიგზავნილი იყო და გირაოს თანხა ჩუმად შეუცურეს. საოცრებას კადრულობენ და იგონებენ. იმის თავი არ აქვთ, რომ გირაო არ გადაიხადონ, რადგან როცა თავის თავს იჭერს ადამიანი, ბუნებაში არ არსებობს. გამოვიდა და გულზე მჯიღის დარტყმით იძახა, არ გადავიხდიო, ვერც დამიჭერთო.

ეგონათ, ვინმე ხვეწნას დაუწყებდათ. პროკურატურა არ ეხვეწა, არ დაგიჭერთ და ნუ გადაიხდი გირაოსო. ახლა ცუდ სიტუაციაში არიან, ადამიანს ეძებენ, ვინც გირაოს გადაიხდის და დატოვებს ქვეყანას. თუ ნიკა მელია თავისივე გადაწყვეტილებით ციხეში წავა, მიხეილ სააკაშვილი წაუგებელს თამაშს თამაშობს თავისი აზრით, ეს ამას გაყიდის, რომ ის „პოლიტპატიმარია“, რადგან პარტიის თავმჯდომარეა და იქნებ, ამ ტყუილით ცეცხლი დაანთოს, რადგან სხვა ტყუილებით ვერ დაანთო. ეს ის შემთხვევაა, როცა ბრალდებულზეა დამოკიდებული მისი ბედი. პირველივე დარღვევაზე, როცა სამაჯური მოიხსნა, გადააგდო, ამით სახელმწიფოს, კანონს და სამართალს სახეში შეაფურთხა, ჰუმანურად მოექცნენ, გირაოს რაოდენობა გაზარდეს და ესეც არ გადაიხადა. თავისი გადასაწყვეტია, რას იზამს და ნურავის ნურაფერს დააბრალებს. დარწმუნებული ვარ, გადაიხდის. არც ერთ ნაციონალს არ აქვს ფსევდოგმირობის, ან გმირობის თავი. ეს მათი ბუნება არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.