მამუკა მდინარაძე - რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი ხელისუფლება, ეთნიკური ნიშნით ადამიანებზე თავდასხმების მოწოდება არის სიბნელე და ქსენოფობია
მამუკა მდინარაძე - რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი ხელისუფლება, ეთნიკური ნიშნით ადამიანებზე თავდასხმების მოწოდება არის სიბნელე და ქსენოფობია

რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი ქვეყანა თუ მისი ხელისუფლება, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით ადამიანების განსხვავება და მათზე თავდასხმების მოწოდება არის სიბნელე, ქსენოფობია და წარმოუდგენელი რამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე სამწუხაროა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ამართლებს ამ ქსენოფობიურ კამპანიას და ერთვება მასში.

„​მგონია, რომ 2022 წელს ამ თემაზე აღარ უნდა გველაპარაკა. ეროვნული ნიშნით, ეთნიკური ნიშნით ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი და მოქალაქეც არ უნდა იყოს, თუნდაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის აბსოლუტური სიბნელე, ქსენოფობია. იმგვარი დამოკიდებულება, რაც ცივილიზებულ სამყაროში არავის უნდა გააჩნდეს, მაგრამ გააჩნიათ ერთადერთი მიზნის გამო, ეს არის ვიწროპოლიტიკური ინტერესი ერთი – „ნაცმოძრაობის“, მეორე – ომში ჩართვის სურვილი და აღვივებენ ამ კამპანიით ისეთ განწყობებს, რომელიც შემდეგ რაღაცა უბედურებამდე მიგვიყვანს, მესამე -ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ამართლებს ამ ქსენოფობიურ კამპანიას და ამით ერთვება მასში. სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში წარმოიდგინეთ და საიდან მოიტანა სიტყვა „სიყვარული“, ვერ გავიგე ნამდვილად. სპეკულაციისთვის სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ, აქედან მოვიდა, ვინ სთხოვა სიყვარულის დადასტურება, ვინ სთხოვა რა სიგიჟეა საერთოდ? საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი ქვეყანა თუ მისი ხელისუფლება, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით ადამიანების განსხვავება და მათზე თავდასხმების მოწოდება არის სიბნელე, ქსენოფობია და წარმოუდგენელი რამ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პროვოკაციულ ფაქტებსაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ამ პროვოკაციის გაგრძელებას ხელი არ უნდა შეეწყოს.

„მეორე მხარე აქვს ამ ყველაფერს; როდესაც ვიღაც პროვოკატორი, ისიც რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყოს, პროვოკაციაზე მიდის, კონკრეტულ კვების ობიექტს დაბალ ქულებს უწერს, უნდა მივხვდეთ რომ ის არის პროვოკატორი, ეთნიკურ ნიშანს კი არა აქვს მნიშვნელობა, არის ვიღაც პროვოკატორი, რომელიც ამ შემთხვევაში არის მედლის მეორე მხარე. სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ერთი მხრივ ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებენ, მეორე მხრივ ხაზგასმით ვამბობ, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ის არის პროვოკატორი და ამ პროვოკაციაზე წამოაგო გარკვეულ პირთა წრე, თავისი ეროვნების წარმომადგენლები და შემდეგ ამას საპირისპირო კამპანია მოჰყვა, თითქოს, დიდი ეროვნული საქმე გავაკეთეთ, პროვოკაციებზე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ რეაგირება უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, მე ჩემი რეაგირება და ჩემი ემოცია მაქვს ამაზე, მაგრამ ხომ უნდა დავარქვათ პროვოკატორს პროვოკატორი და შენ ამ პროვოკაციის გაგრძელებას ხელი არ უნდა შეუწყო, და ამ ხალხს თავი დაანებონ ნუ აგიჟებენ. რაღაც განწყობების გაღვივება ცუდ ამბებთან მიგვიყვანს, ხომ უნდა მივხვდეთ ამასაც და რომ ვერ ქნეს და ვერ ჩაგვითრიეს ვერანაირად ომში, ახლა ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებით, მინი პიარკამპანიების დაგეგმვით და ნაღმების აფეთქებით ცდილობენ იქამდე მისვლას, სადაც მანამდე ცდილობდნენ  მისვლას და არ გამოუვიდათ“, – განაცხადა მდინარაძემ.