მამუკა მდინარაძე - როგორი იქნება ახალი ფრაქციების შემადგენლობა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის
მამუკა მდინარაძე - როგორი იქნება ახალი ფრაქციების შემადგენლობა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

უმრავლესობაში საპარლამენტო ფრაქციების შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე განმარტავს, როგორი იქნება ფრაქციების შემადგენლობა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღესაც გრძელდება. ის ჭორები, რომლებიც გავრცელდა ფრაქციებთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო. ჩვენ პერსონალურ შემადგენლობებზე დღესაც ვიმსჯელებთ. რაღაც გადაჯგუფება სხვადასხვა წარმოდგენებისა და ტენდენციების მიხედვით მმართველ გუნდში ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი და მხოლოდ უკეთესი მენეჯმენტისა და კოორდინაციისთვის ხდება ეს ყველაფერი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ პირველ არხთან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში დამატებით ორი ფრაქციის შემქნა დაახლოებით ერთი კვირის წინ დააანონსა. გეგმის თანახმად, ყველაზე მსხვილ ფრაქციას „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ორი ცალკე ფრაქცია გამოეყოფა. არსებული ინფორმაციით, ერთ მათგანს გოჩა ენუქიძე, მეორეს კი ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებენ. მმართველ გუნდში დაპირისპირებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მართვისა და კოორდინაციისთვის გახდა საჭირო. ორივე ფრაქციის შემქმნა საგაზაფხულო სესიისთვის იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებული ფრაქციების რაოდენობა გაზაფხულისთვის 6-დან 8-მდე გაიზრდება.