მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც რაციონალურად ფიქრობენ და მიშას მიერ შედგენილ და ბოკერიას დაანონსებულ რადიკალურ სცენარსა და რევოლუციურ გეგმას არ მიჰყვებიან
მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც რაციონალურად ფიქრობენ და მიშას მიერ შედგენილ და ბოკერიას დაანონსებულ რადიკალურ სცენარსა და რევოლუციურ გეგმას არ მიჰყვებიან

არ შემიძლია, იაგო ხვიჩიას თუ მისი თანაპარტიელების მოქმედებაზე ვისაუბრო. ფაქტია, რომ ოპოზიციური ერთობა არ არსებობს. არის რადიკალური ოპოზიცია და დღეს უკვე ანარქისტები. მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც როგორც ჩანს, შედარებით რაციონალურად ფიქრობენ და მიშას მიერ შედგენილ და ბოკერიას მიერ დაანონსებულ რადიკალურ სცენარსა და რევოლუციურ გეგმაში არ მიჰყვებიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, როგორც მინიმუმ ამის მიზეზი არის ის, რომ ისინი ამაში პერსპექტივას ვერ ხედავენ.

„ვინც ოდნავ მაინც რაციონალურად იფიქრა და მიშას მოწოდებებით გონება დაბინდული არ აქვს, ისინი ამ პროცესს ემიჯნებიან. სააკაშვილის თამაში გამოიხატება კანონის ჩარჩოებიდან გასვლაში. დარჩა ერთადერთი გზა, რომელსაც ასევე არ აქვს პერსპექტივა, მაგრამ კუთხეში მომწყვდეული და წარუმატებლობით გონებადაბნელებული ოპოზიცია სხვას დღეს ვერაფერს ფიქრობს. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც რაციონალურად დაფიქრდნენ, პერსპექტივა ვერ ნახეს და გაემიჯნენ ოპოზიციას. სხვები ჩამოშლის რეჟიმში არიან. რეალურად ნიკა მელიას მოქმედება იქნება, თუ სხვა ადამიანების, რომლებიც დღეს პირდაპირ გამოდიან და აანონსებენ ფიზიკურ დაპირისპირებას, თავისი ქცევით ადასტურებენ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის გეგმას. საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში ეს გეგმა არ გამოვა. ამიტომ ვურჩევ ყველას, თუ შეუძლიათ და თუ იპოვნიან თავის თავზე მაღლა ძალას, კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნდებიან. ხარვეზები არსებობს უამრავი, ამაზე გველაპარაკონ. საქმეზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 13 თებერვალს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.