მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, ოპოზიციას გიგი უგულავას წინაშე გარკვეული ვალდებულებები აქვს და უგულავას მოსატყუებლად მთელ საზოგადოებას ატყუებენ
მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, ოპოზიციას გიგი უგულავას წინაშე გარკვეული ვალდებულებები აქვს და უგულავას მოსატყუებლად მთელ საზოგადოებას ატყუებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდთან მიღწეული შეთანხმების გამო, ოპოზიციის დიდი ნაწილი საკუთარ მომხრეებთან თავს იმართლებს.

ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ლიდერების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან უამრავი საუბარი იყო ე.წ. პოლიტპატიმრებზე, მაგრამ რაც რეალურად შეთანხმდა, დოკუმენტში ყველაფერი ნათლად არის გაწერილი.

„მათ იმის ძალაც არ ეყოთ, რომ შეთანხმებიდან გამოსულიყვნენ და ეთქვათ, შევთანხმდით და ეს ყველაფერი კარგია. გამოვიდნენ და ტყუილების საუბარი დაიწყეს. ვფიქრობ, ტყუილზე დისკუსიაც უნდა შევწყვიტოთ. მათი მხრიდან უამრავი საუბარი იყო ე.წ. პოლიტპატიმრებზე, მაგრამ რეალურად, რაზეც შეთანხმება იყო მიღწეული, ყველაფერი დოკუმენტებში შავით თეთრზე წერია. იმის იქით, ყველაფერი სპეკულირებაა. ამ ჩანაწერებს დამატებით სპეკულაციური თარგმნა არ სჭირდება. ყველაფერი რაზეც შეთანხმება შედგა, დოკუმენტებში წერია, ვინც დოკუმენტებს სცდება, საზოგადოების წინაშე პასუხი უნდა აგოს. როგორც ჩანს, მათ გიგი უგულავას წინაშე გარკვეული ვალდებულებები აქვთ და იმისთვის, რომ გიგი უგულავა მოატყუონ, მთელ საზოგადოებას ატყუებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიციამ ეს საკითხი ერთმანეთში უნდა გაარკვიონ.

„ერთმანეთთან დალაგდნენ, ერთმანეთში გაერკვნენ და საზოგადოების მოტყუებას თავი დაანებონ. თუ გიგი უგულავას რამეს ჰპირდებოდნენ, რომ შეთანხმებაში მის გარეშე არაფერი იქნებოდა მიღწეული, ეს ერთმანეთში გაარკვიონ. სახელმწიფოში იმაზე ილაპარაკო, რომ პოლიტიკოსები შემპირდნენ, მართლმსაჯულებას ამას ასე გადააწყვეტინებენ, იმდენად არასერიოზულია, ამას არავინ გაიმეორებს. არაფერში ვაპირებთ ჩარევას, პროკურატურა თავის საქმეს მიხედავს, პრეზიდენტი თავისას, მართლმსაჯულება თავისას, ჩვენ ჩვენსას და შეთანხმების აღსრულებაზე ვიზრუნებთ, რაც შედგა და რის გამოც. როგორც ჩანს, ოპოზიციას თავის ამომრჩეველთან და უგულავასთან უხერხულობა შეექმნა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.