მამუკა მდინარაძე - როდესაც სახალხო დამცველს უთხრეს, რომ მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან და ოპოზიციის ლიდერებთან დადიოდა, მეორე-მესამე დღეს ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა
მამუკა მდინარაძე - როდესაც სახალხო დამცველს უთხრეს, რომ მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან და ოპოზიციის ლიდერებთან დადიოდა, მეორე-მესამე დღეს ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა

როდესაც სახალხო დამცველს უთხრეს, რომ მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან და ოპოზიციის ლიდერებთან დადიოდა, მეორე-მესამე დღეს ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაზე, რომელიც გუშინ, სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გამოსვლისას დაინტერესდა, თუ საიდან მიიღეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა მისი „მატროსოვის ციხეში“ მისვლის თაობაზე.

„ინფორმაცია სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრების შესახებ გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც მედიაში უკვე გავრცელებული იყო ეს ინფორმაცია. ზოგადად, კრიტიკა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მხრიდან ისმოდა სახალხო დამცველის მისამართით, შემდეგ რეალიზდა იმაში, რომ ის წავიდა და მაინც და მაინც „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა სტრასბურგში გამგზავრებამდე. ეს კრიტიკა ასე არ უნდა რეალიზებულიყო. თუმცა, ეს ჩემი საქმე არ არის, მე ამაზე ვერ გავაკრიტიკებ. შემიძლია, მხოლოდ ფაქტი დავაფიქსირო, როდესაც უთხრეს სახალხო დამცველს, რომ ის დადის მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან, ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც მსჯავრდებულები არიან, ამის შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს ის ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა სტრასბურგში გამგზავრებამდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნინო ლომჯარიამ გუშინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და შეხვედრის შესახებ საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი შეხვედრაზე უარი განაცხადა.