მამუკა მდინარაძე - რეზოლუციის ტექსტზე ოპოზიციის პასუხს ორ დღეში ველოდებით
მამუკა მდინარაძე - რეზოლუციის ტექსტზე ოპოზიციის პასუხს ორ დღეში ველოდებით

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუციასთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებზე პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კონსულტაციაზე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„მოლაპარაკებები არ დასრულებულა. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტი, მათ შორის, სიასთან დაკავშირებული ვერსია და ჩანაწერი. შევთავაზეთ ვერსია, რომელიც სწორია როგორც ტექნიკური, ასევე, სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით. ახლა უკვე ბურთი მათ მოედანზეა და ორი დღის შემდეგ, უნდა გვითხრან პასუხი ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, თუ პასუხისმგებლობის დონე არის იმ ხარისხის, რომ ჩვენ მართლაც უნდა შევჯერდეთ ერთიან, ძლიერ რეზოლუციაზე დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ სიცოცხლესთან დაკავშირებულ გარკვეულ რისკებს , ამ საკითხებზე ჩვენ უნდა შევჯერდეთ და საერთო რეზოლუცია მივიღოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კონსულტაციაზე პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა და უმრავლესობა ოპოზიციის პასუხს ელოდება.