მამუკა მდინარაძე - არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციისათვის მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რამდენი ამომრჩეველიც მივა, ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას
მამუკა მდინარაძე - არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციისათვის მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რამდენი ამომრჩეველიც მივა, ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას

არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციისათვის მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რამდენი ამომრჩეველიც მივა, ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და ეს იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილება, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლის დაბალ აქტივობას.

მისი თქმით, მეორე ტურზე შედარებით დაბალი აქტივობა ფიქსირდება.

„თუ სწორად მახსოვს, 50 პროცენტზე მეტი იყო 2016 წელს პირველ ტურში აქტივობა და მეორე ტურში ეს ჩამოვიდა 36-37 პროცენტამდე. ასევე, ბუნებრივია ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გავლენას ახდენს ოპოზიციის საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ არ მივიდნენ მათი მხარდამჭერები არჩევნებზე. მათაც არ შეუძლიათ ხმების იმ რაოდენობის მობილიზება, რაც საჯარო, ღია განცხადებების შემთხვევაში იქნებოდა, ესეც სწევს აქტივობას. აქვე, შეგახსენებთ, რომ მათი კანდიდატებიდან, რომლებიც დღეს მეორე ტურში არიან გასული და ბიულეტენში ფიქსირდებიან, 17 კანდიდატიდან, 14 უკვე გამსვლელ სიაში რადგან არიან, ისინი უკვე ფლობენ პარლამენტის მანდატს, აქედან გამომდინარე, აქ შედარებით დაბალია ინტერესია. ასევე, კიდევ ერთი მიზეზია, სხვა პარტიები, რომელთაც მეორე ტურში არ ჰყავთ საკუთარი კანდიდატი, ინტერესს კარგავენ ხოლმე, ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს აქტივობაზე და გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე პირველ ტურში. თუმცა, არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმაციისათვის მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რამდენი ამომრჩეველიც მივა, ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას და ეს იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილება“, – განაცხადა მდინარაძემ.