მამუკა მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციაში განხეთქილებაა იმის გამო, რომ პარტიის ორმა წარმომადგენელმა თქვა, ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა არ შეიძლებაო
მამუკა მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციაში განხეთქილებაა იმის გამო, რომ პარტიის ორმა წარმომადგენელმა თქვა, ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა არ შეიძლებაო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განსხვავებული აზრის გამო საკუთარი გუნდის წევრებსაც კი დევნიან.

მდინარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტს და ოპოზიციურ პარტიაში შეფასებებს გამოეხმაურა.

„რადიკალურ ოპოზიციაში განხეთქილებაა  იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიის ორმა წარმომადგენელმა განაცხადა – არ შეიძლება ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა და ასეთი ფორმებით „გამოხატვის თავისუფლების“ რეალიზება. ისინი არათუ განსხვავებულ აზრს ვერ იტანენ, როგორც ჩანს, არის მათი წარსული, აწმყო და მომავალი, არამედ დევნიან საკუთარი გუნდის წევრებსაც კი. ეს მათი პოლიტიკური პარტიის ხასიათზე მიუთითებს. მათი მმართველობის დროს განსხვავებული აზრი არ მსმენია და როგორც ჩანს, ეს დღესაც გრძელდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.