მამუკა მდინარაძე - რადას თავმჯდომარე როგორც კი დროს გამონახავდა, შალვა პაპუაშვილთან იყო კონტაქტზე და ბევრი საკითხი გაირკვა, სამწუხაროდ, მანამდე ვიღაცებმა მავნებლობით შეძლეს, რომ ცოტა სხვაგვარი განცხადებები ყოფილიყო
მამუკა მდინარაძე - რადას თავმჯდომარე როგორც კი დროს გამონახავდა, შალვა პაპუაშვილთან იყო კონტაქტზე და ბევრი საკითხი გაირკვა, სამწუხაროდ, მანამდე ვიღაცებმა მავნებლობით შეძლეს, რომ ცოტა სხვაგვარი განცხადებები ყოფილიყო

უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება პროტესტს, რომელიც შალვა პაპუაშვილის განცხადებას მოჰყვა და პროტესტი აქ არაფერ შუაშია, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, უკავშირდება თუ არა უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლა იმ პროტესტს, რომელიც შალვა პაპუაშვილის წერილობით განცხადებას მოჰყვა, სადაც ის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დიპლომატიური დემარშისა და კონტრაბანდასთან დაკავშირებით ბრალდების ფონზე ბუჩაში მიპატიჟებას არასათანადოდ მიიჩნევდა.

„ჩვენ ვნახეთ ერთკვირიანი შავი პიარი და კამპანია პირადად შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ამ დროს, „ომიკრონით“ დაინფიცირებული შინ იყო იზოლაციაში. ამავე დროს, მას განუწყვეტელი კომუნიკაცია ჰქონდა თავის უკრაინელ კოლეგასთან და ამის შედეგიც ვნახეთ. პირადად მე ორივე განცხადებას ვეთანხმები – იმასაც, რაც მანამდე ითქვა და იმასაც, რასაც ახლა ვამბობთ, რაც ერთმანეთს არ გამორიცხავს. ვიღაცას უნდა, რომ ეს ასე გამოიყვანოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც უკრაინის რადას ხელმძღვანელის მიერ საკითხები ამოწურულად იქნა მიჩნეული, ეს არის ყველაზე კარგი რამ, რაც ამ ბოლო დღეებიდან გამომდინარე შეიძლებოდა, მომხდარიყო.

„ამიტომ, შევაფასოთ სწორად და დავაფასოთ ეს ამბავი. ეს ადამიანები ომში არიან და იბრძვიან. მათ ძალიან მძიმე წუთები უდგათ, ყოველწუთიერად ადამიანები ეღუპებათ, ჯარისკაცები და უდანაშაულო ადამიანები“, – განაცხადა მდინარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ რუსლან სტეფანჩუკის განცხადება, რომ გაუგებრობები დასრულდა, ასევე, პაპუაშვილის განცხადება, რომ კომუნიკაციის დროს კოლეგები ბევრ რამეში გაერკვნენ და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბოლო დღეებში გამართულ ონლაინშეხვედრებზე ქართველმა და უკრაინელმა კოლეგებმა უკვე განიხილეს საკითხები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აწუხებდა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სტეფანჩუკმა და პაპუაშვილმა ძალიან ბევრი საკითხი განიხილეს და ბევრი საკითხი გაირკვა.

„ასე ვთქვათ, მისდა საქებად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ურთულეს სიტუაციაში ეს ადამიანი როგორც კი დროს გამონახავდა, შალვა პაპუაშვილთან იყო კონტაქტზე და ბევრი საკითხი გაირკვა. იქ არის ბევრი დეტალი. მე შემიძლია, ერთ-ერთი გითხრათ. მაგალითად, თვითმფრინავის თემით იყო ეს ადამიანი დაინტერესებული და მას არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია. შეიძლება, მე ცოტა გავასწარი მოვლენებს, მაგრამ ეს ასე იყო. შემდეგ, შალვამ გადაუგზავნა სხვადასხვა განცხადება, დოკუმენტები, ბატონი სტეფანჩუკი გაერკვა და აი, ასე მოხდა ძალიან ბევრი დეტალის დაზუსტება“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ქართულმა საზოგადოებამ ნახა უკრაინული მხრიდან აბსოლუტურად განსხვავებული, სწორი, ობიექტური პოზიცია ორი ქვეყნის ურთიერთობებთან დაკავშირებით.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მანამდე, ვიღაცებმა მავნებლობით შეძლეს ცოტა სხვაგვარი განცხადებები ყოფილიყო. ახლა ნუღარ ჩავუღრმავდებით. მათ შორის, შეურაცხმყოფელიც იყო, მაგრამ ამის განხილვას ახლა კი არა, მაშინაც კი არ ვცდილობდით. ჩვენ უბრალოდ ყველაფერს თავის სახელს ვარქმევდით და ვამბობდით, რომ დღეს დეტალების განხილვისა და საქმის გარჩევის დრო არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მთავარია, გამოიკვეთა, ვინ იყო ამ ყველაფრის შემოქმედი და ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს.

„ესენი არიან საქართველოში ოპოზიციაში მყოფი პირები, რომლებსაც აქვთ გარკვეული გავლენები, თავიანთი სტატუსებიდან, თანამდებობებიდან და ურთიერთობებიდან გამომდინარე უკრაინის ხელისუფლებაში, და ეს ადამიანები უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ყოფილიყო ასეთი დაძაბული ფონი და შეურაცხყოფები საქართველოსა და ქართველი ხალხის მისამართით. ისინი ყველაფერს ცდილობენ საიმისოდ, რომ საქართველო დღეს იყოს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ასეთი ჰიბრიდული ომი წარმოებს. რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს ხდება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად და ამ ომს იყენებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად, ოღონდ შესაძლებლობის ფარგლებში, რისკის მაქსიმალური დაზღვევით, რაც მათი ეროვნული ინტერესია, ამ ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება შესაძლებელზე მეტს აკეთებს.

„მაგალითად, ჩვენ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე არა, მაგრამ უდიდეს ნაწილში კი, გარკვეული საკითხები არის, რომლებიც ასევე რისკის შემცველია და მოდით, გავმიჯნოთ – აქ შეიძლება გამოვხატოთ მხარდაჭერა, სადღაც თავი შევიკავოთ და ა.შ. მაგრამ ეს არც გვიფიქრია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.