მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და არანაირი დაპირისპირება არ არის
მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და არანაირი დაპირისპირება არ არის

ყველას კარგად ესმის იმ გამოწვევის შესახებ, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არსებობს, ისედაც არ გვქონდა ჩვენ პრობლემა ერთმანეთთან მიმართებით და ამ გამოწვევას კიდევ ძალიან კარგად ვითავისებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომისა და გუნდში დაპირისპირების შესახებ ბევრი სპეკულაცია გაჟღერდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„წინა დღეების განმავლობაში უდიდესი სპეკულაციები ვნახეთ. დიდი ბოდიში თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, უბრალოდ, სტუდიაში ჭორაობდნენ, რომ რადგან გახარია რომელიღაც პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა, ამიტომ ერთადერთი ეს არგუმენტი იყო მოყვანილი შიდა დაპირისპირებებთან დაკავშირებით, რაც მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, სამწუხაროდ ამ ტელევიზიებისა, სამწუხაროდ რადიკალური პარტიებისა და საბედნიეროდ, ჩვენთან არანაირი დაპირისპირება არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გიორგი გახარია დღესაც არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს და ამის მიზეზი მისი სხვა შეხვედრა იყო, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხი არ მოითხოვდა პრემიერ-მინისტრის დამატებით ჩართულობას.

„გიორგი გახარია დღესაც არ იყო პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ მას სხვა შეხვედრა ჰქონდა. ჩვენ გვქონდა იმ თემაზე საუბარი, რაზეც ახლა მოგიყევით. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ყოველდღიურად კომუნიკაცია გვაქვს და დამატებით ინფორმაციას არ საჭიროებდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და პოლიტსაბჭოს წევრის. სხვა საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განხილულა. სწორედ ამიტომ გახარიას შემცვლელზე არის თქვენს მიერ მოგონილი ამბავი, რომლითაც ატყუებთ საზოგადოებას. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბინძური სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და არანაირი დაპირისპირება არ არის. ყველას კარგად ესმის იმ გამოწვევის შესახებ, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არსებობს. ისედაც არ გვქონდა ჩვენ პრობლემა ერთმანეთთან მიმართებით და ამ გამოწვევას კიდევ ძალიან კარგად ვითავისებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.