მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამაჯერებლად, დაახლოებით 60 პროცენტით ლიდერობს
მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამაჯერებლად, დაახლოებით 60 პროცენტით ლიდერობს

მთელი დღის განმავლობაში დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თეორიულად შესაძლოა, ერთ-ორ ოლქში მეორე ტური დაიშვას, თუმცა ჯერ აღნიშნული ოლქებიდან არ არის საკმარისი ინფორმაცია.

„დამაჯერებლად ვიმარჯვებთ პრაქტიკულად ყველა ოლქში. ერთ-ორ ოლქში შესაძლებელია, თეორიულად დავუშვათ, რომ იყოს მეორე ტური, მაგრამ ჯერ ამ ოლქებიდან არ არის საკმარისი, რომ განზოგადოება შევძლოთ და შევძლოთ პრაქტიკული პროგნოზის დადება. ამიტომ დაველოდოთ ოქმებს და ამის შემდეგ, უფრო კონკრეტულად, ალბათ, დაახლოებით ნახევარ საათში შეგვეძლება, უფრო ზუსტი ინფორმაციის გადმოცემა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით კი, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს.

„შეგვიძლია, მადლობა გადავუხადოთ აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, რომლებმაც გამოიჩინეს უპრეცედენტო აქტივობა. „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დამაჯერებლად, საერთო ჯამში, დაახლოებით 60 პროცენტით ლიდერობს და იმარჯვებს. შეიძლება ითქვას, რომ ზუგდიდის მონაცემებზე ამ მომენტისთვის თამამად ვსაუბრობთ, რადგან ბევრი უბნის ოქმია შემოსული. იქ არის ერთგვაროვანი მონაცემები დაახლოებით და ყველა მონაცემით, 50 პროცენტზე მეტს იღებს ჩვენი კანდიდატი“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება მთაწმინდას, მამუკა მდინარაძე წინასწარი პროგნოზისგან თავს იკავებს.

„მთაწმინდის შემთხვევაში, არაერთგვაროვანი ოქმებია შემოსული, სადაც ზოგ შემთხვევაში, 50 პროცენტზე მეტია, ზოგ შემთხვევაში – არა. ამიტომ თამამ პროგნოზებს წინასწარ ვერ ვაკეთებთ, შემოვა ოქმები და უფრო თავისუფლად ვილაპარაკებთ ამ ყველაფერზე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუგდიდში მაღალი ალბათობის ხარისხით,  პირველ ტურში დამთავრდება ყველაფერი და მოიგებს ჩვენი კანდიდატი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, რაც შეეხება ზესტაფონს, მისი თქმით, ჯერ ოქმების ის რაოდენობა არ არის შემოსული, რომ დასკვნების საფუძველი არსებობდეს.