მამუკა მდინარაძე - ქართული აგენტურული პარტიებიდან თავიანთი პატრონების მიმართ არის თხოვნები, რამე სახის მაშველი რგოლი გადმოუგდონ, როგორც ჩანს, მინიმალური საჩუქარი გააკეთებინეს მათთვის ზელენსკის
მამუკა მდინარაძე - ქართული აგენტურული პარტიებიდან თავიანთი პატრონების მიმართ არის თხოვნები, რამე სახის მაშველი რგოლი გადმოუგდონ, როგორც ჩანს, მინიმალური საჩუქარი გააკეთებინეს მათთვის ზელენსკის

ბოლო დღეების განმავლობაში ქართული აგენტურული პარტიებიდან თავიანთი პატრონების მიმართ მიდის თხოვნები, რამენაირად გადმოუგდონ რამე სახის მაშველი რგოლი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მათ შორის, არის მცდელობა, საუბარი მაინც დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე.

ამავდროულად, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას პატრონებმა ზელენსკის ხელით გაუკეთეს მცირედი საჩუქარი.

„ცოტა რთულია სერიოზულად მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ზვიად შალამბერიძე აპროტესტებს ჩვენგან მარტო, დანარჩენები ველოდით, ზვიადი არ ელოდა, ამიტომ გააპროტესტებს ზვიადი. ამ თემაზე ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ქართული აგენტურული პარტიებიდან თავიანთი პატრონების მიმართ მიდის თხოვნები, რამენაირად თავიანთმა პატრონებმა მათ რამე სახის მაშველი რგოლი გადმოუგდონ. ბევრი მცდელობაა, მათ შორის, მაქსიმალურად ცდილობენ, ლაპარაკი მაინც დაიწყოს ვიზალიბერალიზაციასა და მის შეჩერებაზე. წარმოიდგინეთ, რამხელა მავნებლობაში არიან შესული, რომ ვინმემ იქნებ ლაპარაკი მაინც დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეო. გასაგებია, შეუძლებელია, რომ არსებობდეს ოთხი კრიტერიუმი, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება ინიცირება მოხდეს, სიგიჟეა, წარმოუდგენელია, მაგრამ განცხადებები მაინც იქნება დაიწყონო. ამას თუ ვერ ახერხებენ, სხვა რაღაცებსაც თუ ვერ ახერხებენ, როგორც ჩანს, მინიმალური საჩუქარი გადმოუგდეს და ეს მინიმალური საჩუქარი გააკეთებინეს მათთვის ზელენსკის, მაგრამ ქართული საზოგადოება ყველაფერს ხვდება ამ ბოლო დროს. წარმოიდგინეთ, რეაქციები ჩვენგანაც კი არ იყო, როდესაც აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ვაჩერებ სტრატეგიულ პარტნიორობასო. სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს თავისუფალ მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო მიმოსვლას, ფრენებს – არც ერთი გვაქვს, არც მეორე, არც მესამე. რა გააჩერეს. სასაცილოდ არ ჰყოფნის უკვე ხალხს.

ჩვენ თვითონ ვამბობთ, რომ ეს ურტყამს ჩვენი პარტნიორების იმიჯს. ზოგიერთი ადმინისტრაციის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს აუფასურებენ და დასავლეთს ზოგადად ქართველების თვალში მაქსიმალურ დისკრედიტაციას თავად უკეთებენ. ჩვენ ვართ ისევ ის ხალხი, რომლებიც ვცდილობთ, ეს არ მოხდეს და ვამბობთ, დიახ, ეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მავნებლობაა. მინდა, ირაკლი კობახიძეს შევუერთდე აშშ-ის ელჩისადმი განწყობაში, რომ მის მიმართ ჩვენ გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება, როგორც პიროვნების მიმართ, მაგრამ ამ ადამიანს, სამწუხაროდ, უწევს რაღაც ქარდების დადება. შაირობა გამოდის უკვე ეს. აშშ-ის საელჩო ყოველდღე რაღაც საშაირო ქარდებს დებს და ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ, მე შაირი არ მინდოდაო, თუ რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ? საოცრება, წარმოუდგენელი მარაზმი ხდება. სამწუხაროდ, ამ რიგშია ქართული ჯაშუშური ქსელის მიმართ გამეტებული ის საჩუქარიც, რომელიც ზელენსკის ხელით გაუკეთეს თავიანთმა პატრონებმა ქართულ აგენტურულ ოპოზიციას, მაგრამ ეს კი არა, გაცილებით მეტი არ უშველის მათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას.