მამუკა მდინარაძე - პრობლემაა ის, რომ კრიმინალები ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას და პოზიციონირებას, როგორც პოლიტიკოსები
მამუკა მდინარაძე - პრობლემაა ის, რომ კრიმინალები ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას და პოზიციონირებას, როგორც პოლიტიკოსები

პრობლემა არის ის, რომ კრიმინალები ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას და პოზიციონირებას, როგორც პოლიტიკოსები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რადგან „არიან არაფორმალური მმართველები და გადაწყვეტილებების მიმღებლები“.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ტოლობის ნიშნის დასმა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის დაუშვებელი და მიუღებელია.

„წარმოუდგენელი შედარებაა და ტოლობის ნიშნის დასმა კიდევ უფრო მეტი საოცრებაა სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, მათ შორის განსაკუთრებით იმიტომ, რომ ერთ მხარეს დგას კრიმინალი, დადასტურებული სასამართლოდ განაჩენით, რომელმაც ვერც სტრასბურგში მიაღწია წარმატებას თავის საკითხებთან დაკავშირებით და ის მიჩნეულია ანუ სასამართლოს მიერ დამნაშავედ. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი დღეს არ ტოვებს, რომ არ გამოჩნდეს ტელეეთერში, მიუხედავად მისი ​კრიმინალობისა და დამნაშავეობისა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე საერთოდ არ არის და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც განცხადების შემდეგ ერთი წამითაც არ გამოჩენილა არსად საჯარო სივრცეში და პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებულია, ამ კუთხითაც კი შედარება არის ცალკე პრობლემა. ამიტომ, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის ტოლობის დასმა ამ ორ ადამიანს შორის და ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელიც კია და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ კრიმინალები, „გაპრავდნენ“ პოლიტიკაში. ჩვენ სულ ვამბობთ და დღესაც ვიმეორებთ, რომ პრობლემა არის ის, რომ კრიმინალები ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას და პოზიციონირებას, როგორც პოლიტიკოსები“, – განაცხადა მდინარაძემ.