მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტს და ჩვენს ოპოზიციას ვერ წამოვაცდენინეთ, რომ, დღევანდელი მოცემულობით, საქართველო იმსახურებს სტატუსს, თორემ ყველა ობიექტური დამკვირვებელი ამას აღიარებს
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტს და ჩვენს ოპოზიციას ვერ წამოვაცდენინეთ, რომ, დღევანდელი მოცემულობით, საქართველო იმსახურებს სტატუსს, თორემ ყველა ობიექტური დამკვირვებელი ამას აღიარებს

ვეთანხმები ყველა პარტნიორს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს შეფასება სთხოვეს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და მიიღებს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე.

„პრეზიდენტს და ჩვენს ოპოზიციას ვერ წამოვაცდენინეთ, რომ, დღევანდელი მოცემულობით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, თორემ ყველა ობიექტური დამკვირვებელი ობიექტური შეფასებით ამას აღიარებს. პრეზიდენტს, რომელსაც ნეიტრალურობა, ზეპარტიულობა ევალება, ვერ წამოვაცდენინეთ, რომ, დღევანდელი მოცემულობით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის სიმართლე და ამ სიმართლის თქმაც კი ვერ გაბედეს ვერც პრეზიდენტმა და ვერც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ.

„ყველა ქართველმა, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გავიგოთ ისე, როგორც ამბობს ვარჰეი და როგორც ამბობენ ობიექტური შემფასებლები იმ პროცესების, რომლებიც რეფორმების სახით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. საფუძველი გვაქვს რეალური ოპტიმიზმის და იმის ფიქრის, რომ საქართველო იმსახურებს და მიიღებს კანდიდატის სტატუსს. პოზიტიური მოლოდინები გაზრდილია ერთიორად და ამას არც ვმალავთ. ეს უკვე ჩანს ყველა შეფასებაში და დიდი უსამართლობა იქნება, თუ მოლოდინი არ გამართლდება. ჩვენ ვნახეთ უსამართლობა შარშან, მაგრამ წელს, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ობიექტურობისა და სამართლიანობის იმედი გვაქვს. ყველა მონაცემი ამაზე მიუთითებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.