მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტობის კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაზე გადაწყვეტილებას ყველა კანდიდატის დასახელების შემდეგ მივიღებთ
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტობის კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაზე გადაწყვეტილებას ყველა კანდიდატის დასახელების შემდეგ მივიღებთ

„ქართულ ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტობის რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაზე არ გვისაუბრია,  – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო მხოლოდ იმას, რომ მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს.

„უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე მხოლოდ იმას დავუჭირეთ ჯერჯერობით მხარი, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი იქნება რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატი. კონკრეტულ პერსონაზე გუშინ არ გვისაუბრია. ჯერჯერობით, არის ვადა, რომ წარადგინონ საკუთარი კანდიდატურები პრეზიდენტობის მსურველებმა და ამის შემდეგ მიიღებს გუნდი კონკრეტულ პერსონასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ზეპარტიული პრეზიდენტი.

„ჩვენი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანია, სასურველია, მათ შორის ახალი კონსტიტუციიდან, პრეზიდენტის როლის სწორი აღქმიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულებაა, საზოგადოებას კარგად გავაცნოთ, რომ პრეზიდენტი იყოს ზეპარტიული, ყოველგვარ სუბიექტურ პარტიულ ინტერესებზე მაღლა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა შეძლოს და უზრუნველყოს დიალოგი მხარეებს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

„ამიტომ, ვფიქრობთ, პარტიული კანდიდატი ამას შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს და ასევე, ვერ უზრუნველვყოფდით ჩვენი პარტიული კანდიდატის წარდგენით სწორი აღქმის დამკვიდრებას, სწორი პრეცედენტის დანერგვას ამ მიმართულებით საზოგადოებაში. ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს. მმართველი გუნდი მოგვიანებით გადაწყვეტს, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს ან დაუჭერს თუ არა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღება, რაც პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი დასახელდება.

 

დატოვე კომენტარი