მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი რომ ვიყო, პროკურატურაში მივიდოდი და ჩემი ნებით მივაწოდებდი ყველა ინფორმაციას  
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი რომ ვიყო, პროკურატურაში მივიდოდი და ჩემი ნებით მივაწოდებდი ყველა ინფორმაციას  

პრეზიდენტი რომ ვიყო, მივიდოდი პროკურატურაში და ჩემი ნებით მივაწოდებდი ყველა ინფორმაციას, რომელიც ჩემს ხელთ იქნებოდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ თავად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, უნდა მივიდეს თუ არა ის პროკურატურაში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

„როდესაც საუბარია იმაზე, პრეზიდენტი უნდა მივიდეს თუ არა პროკურატურაში, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს, ალბათ, მის ნებაზე უფრო უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან გარკვეული სიმბოლიზმიც არის ამ თანამდებობაში. პრეზიდენტი იწოდება ხელშეუალ პერსონად და ეს არის საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტი. ასე მარტივად ამ საკითხზე საუბარი, მოდი, მივიდეს, ან გამომძიებელმა დაიბაროს პრეზიდენტი და დაკითხოს, არ შეიძლება. თუმცა თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანმაც ეს თქვა, ის რომ იყოს პრეზიდენტი, მივიდოდა პროკურატურაში.იგივე შემიძლია გავიმეორეო. მე რომ ვიყო პრეზიდენტი, მივიდოდი პროკურატურაში და ჩემი ნებით მივაწოდებდი ყველა ინფორმაციას, რომელიც ჩემს ხელთ იქნებოდა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებულთა შეწყალებაზე არსებულ მორატორიუმს, მდინარაძის თქმით, მორატორიუმი სამართლებრივ პრობლემებს შეიცავს, რადგან შეწყალების უფლება არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, ის მოიცავს მსჯავრდებულის უფლებასაც, იყოს შეწყალებული.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მორატორიუმი პრობლემის აღმოსაფხვრელად საუკეთესო გამოსავალი  არ არის.

„პირველივე წუთებიდან, როდესაც პრეზიდენტმა მორატორიუმის შესახებ განაცხადა, ვთქვი, რომ მორატორიუმი თავის მხრივ შეიცავს სამართლებრივ პრობლემებს გამომდინარე იქიდან, რომ შეწყალების უფლება არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. თავისთავში ის მოიცავს მსჯავრდებულის უფლებასაც, იყოს შეწყალებული. აქედან გამომდინარე, მორატორიუმი არ არის საუკეთესო გამოსავალი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რადგან ის, თავის მხრივ, სამართლებრივ პრობლემებსაც შეიცავს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი.

 

დატოვე კომენტარი