მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი პარლამენტში ალბათ ვეტოს განხილვის შემდეგ წარდგება
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი პარლამენტში ალბათ ვეტოს განხილვის შემდეგ წარდგება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

პირველი არხის კითხვაზე – როდის წარდგება პარლამენტის წინაშე პრეზიდენტი, მდინარაძე პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ შეთანხმებულან.

„ეს საკითხი კონსულტაციების შედეგად შეჯერდება ხოლმე. ასე იყო შარშანაც და წელსაც ასე მოხდება. ალბათ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია გვექნება და პრეზიდენტი შეთანხმებისამებრ პარლამენტის წინაშე წარდგება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე – პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლა შედგება თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ ვეტოდადებულ კანონპროექტზე მსჯელობამდე, მდინარაძე პასუხობს, რომ პრეზიდენტის მოსმენა სავარაუდოდ ვეტოს განხილვის შემდეგ გაიმართება.

„თუ პირადად ჩემი აზრი გაინტერესებთ, არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება მაინც და მაინც თებერვლის პირველ კვირას. არ ვიცი, ვეტოს პირველ დღეებში განვიხილავთ თუ არა, რადგან ვადა არის და შესაბამისად, პრობლემა არ არსებობს. ალბათ ეს უფრო მოხდება ვეტოს განხილვის შემდეგ, მაგრამ ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირში არ არის“, – დასძინა მდინარაძემ.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენა, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს იმართება. საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნება.