მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი არ უნდა იყოს, მისი ინფორმირებულობის საკანონმდებლო გარანტიებზე შესაძლოა, ვიმსჯელოთ
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი არ უნდა იყოს, მისი ინფორმირებულობის საკანონმდებლო გარანტიებზე შესაძლოა, ვიმსჯელოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი არ უნდა იყოს. მდინარაძის თქმით, შესაძლოა, იმსჯელონ პრეზიდენტის მაქსიმალური ინფორმირებულობის საკანონმდებლო გარანტიებზე.

„იურიდიული ლოგიკაც და პრაქტიკაც იმისკენ მიუთითებს, რომ ქვეყნის მეთაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რიგით წევრად გარკვეულ უხერხულობას შექმნის და პრეზიდენტის ინსტიტუტს დააკნინებს, როცა პრემიერის ხელმძღვანელობით სახელმწიფო მეთაური რიგით წევრად იქნება.

იურიდიული და პრაქტიკული უხერხულობის აღმოსაფხვრელად, პრეზიდენტი საბჭოს წევრი არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი რით დავაზღვიოთ, რომ მთავარსარდალი ამ მოვლენებისგან მოწყვეტილი არ იყოს, ვმსჯელობთ. შესაძლებელია, ვიმსჯელოთ მისი მაქსიმალური ინფორმირებულობის საკანონმდებლო გარანტიებზე. თუ სახელმწიფოს მეთაური ინფორმირებული იქნება იმ საკითხებზე, რასაც საბჭო განიხილავს, ავცდებით იურიდიულ და პრაქტიკულ უხერხულობას და მეორე მხრივ, პრეზიდენტის როლის სტატუსის დაკნინებას და უზრუნველვყოფთ, რომ მას მაქსიმალური ინფორმაცია ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.