მამუკა მდინარაძე - პრემიერს პარლამენტში გამოცხადების არანაირი პრობლემა არ აქვს
მამუკა მდინარაძე - პრემიერს პარლამენტში გამოცხადების არანაირი პრობლემა არ აქვს

ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტში გამოცხადების არანაირი პრობლემა არა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერი ინტერპელაციის წესითაც მივა პარლამენტში და ანგარიშსაც წარადგენს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ იცოდა, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე წერილობითი ანგარიში უნდა წარმოდგენილიყო რეგლამენტის მიხედვით საქართველოს პარლამენტში, შემდეგ თვეში ისედაც უნდა გამოცხადებულიყო პრემიერი და ვრცელი ანგარიში გაეკეთებინა პარლამენტის წინაშე. გამოიძახეს ინტერპელაციის წესით, მაგრამ არც ეს არ არის პრობლემა. ინტერპელაციის წესითაც მოვა და შემდეგ ანგარიშსაც წარმოადგენს. ანუ ორივე საკითხი იქნება ამოწურული და ვრცელი, დარწმუნებული ვარ, დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.

„იქნება უამრავი კითხვა და იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც საზოგადოებაშიც არის დაგროვილი, ბუნებრივია, პრემიერი გასცემს ამომწურავ და დეტალურ პასუხს. ასეთი პასუხები არსებობს. ქვეყანა, დღევანდელი სახელმწიფო პროაქტიულად მოქმედებს ყველაზე რთულ პანდემიასთან გასამკლავებლად და ეს ყველამ ნახა, რაც დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. ჩვენ პირველი ეტაპი ძალიან წარმატებით გადავლახეთ და ამაზე იქნება ამომწურავი პასუხები, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ მთავრობა და თავადაც მზად არის, ნებისმიერ დროს პარლამენტს წარუდგინოს დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში.