მამუკა მდინარაძე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე გუნდში ჯერ არ გვიმსჯელია, ამაზე საუბარი უახლოეს დღეებში მოგვიწევს
მამუკა მდინარაძე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე გუნდში ჯერ არ გვიმსჯელია, ამაზე საუბარი უახლოეს დღეებში მოგვიწევს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე გუნდში ჯერ არ გვიმსჯელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძის თქმით, უმრავლესობის წევრებს გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელზე საუბარი უახლოეს დღეებში მოუწევს.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვინ იქნება, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. ამას გუნდური გადაწყვეტილება სჭირდება. გუნდში ამ საკითხზე ჯერ არ გვიმსჯელია. კანონით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე უმრავლესობა იმსჯელებს, რომელსაც პრეზიდენტს წარუდგენს. ამის შემდეგ პრეზიდენტი წარადგენს დასამტკიცებლად. აქედან გამომდინარე, შემცვლელზე საუბარი უახლოეს დღეებში მოგვიწევს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გუნდის პოზიცია იყო, რომ ახალი ენერგია და სწრაფი ტემპებია საჭირო.

„რაც შეეხება კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას, გუნდის პოზიცია იყო, რომ სჭირდება ახალი ენერგია, განახლება, ახალ გამოწვევებს ადეკვატური პასუხი, უფრო მეტი დინამიკა და სწრაფი განვითარება. პოზიტიური მომენტებიც იყო, მათ შორის კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ გუნდმა ჩათვალა და პრემიერმაც ეს თქვა, რომ მეტი განვითარებით გუნდის უმრავლესობა მხარს სწრაფ ტემპებს უჭერდა, რომ ეკონომიკური რეფორმები მოსახლეობაზე აისახოს“, – დასძინა მდინარაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინზე გააკეთა განცხადება.