მამუკა მდინარაძე - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სტრუქტურულ დაყოფაზე საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების დროს განსხვავებული მოსაზრებებიც გაითვალისწინა
მამუკა მდინარაძე - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სტრუქტურულ დაყოფაზე საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების დროს განსხვავებული მოსაზრებებიც გაითვალისწინა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნაწილი ინფრასტრუქტურის, ნაწილი ჯანდაცვის, ნაწილი კი შერიგების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, – როგორც ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე განმარტავს, ფუნქციები უწყებებზე რაციონალურად გადანაწილდება და საკითხებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას უზრუნველყოფს.

„საბოლოო ვარიანტი როდესაც ჯერდებოდა, შერიგების და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში სახელმწიფო მინისტრზე უნდა იყოს საუბარი. აქ არ არის ისე, რომ ამ სამინისტროს და ამ მინისტრს უერთებენ ყველა ფუნქციას. იქ არის მშენებლობის მომენტი, რომელიც უნდა შეუერთდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სოციალური მომენტი – ამ კომპონენტს წაიღებს ჯანდაცვის სამინისტრო.
აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური შინაარსი და მდგენელი. იცით, რომ მინისტრები და სამინისტროები ძირითადად დაკავებულები უნდა იყვნენ პოლიტიკის კეთებით.
ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია, რომ ჩვენ ვფიქრობთ და საბოლოო გადაწყვეტილება ჩემი აზრით ასე ყალიბდება, რომ შერიგების და დევნილთა საკითხები განვიხილოთ ერთიან პოლიტიკურ ჭრილში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე განმარტავს, საბოლოო ჯამში, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ სამინისტროთა რაოდენობა 11- დე შემცირდება.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სტრუქტურულ დაყოფასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო და რიგ შემთხვევებში გაითვალისწინა განსხვავებული მოსაზრებებიც.

„იყო საინტერესო დისკუსიები, მათ შორის სხვადასხვა სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ფინალში გავედით დასკვნით ეტაპზე ამ კონსულტაციების და საბოლოოდ ვფიქრობ, რომ შევჯერდებით 11 სამინისტროზე.

ყველაზე კარგია, რაციონალური და შედეგთან მიმართებაში პოზიტიური, რაც საზოგადოების ყველა წევრს გამოდგება საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ის რომ პრემიერი ბახტაძე თითოეულ გადაწყვეტილებას ათანხმებს გუნდთან დეტალურად. როდესაც მან წარმოადგინა თავისი ხედვა, ვერ გეტყვით, რომ რაღაც რადიკალურად შეიცვალა იქ პოზიციები, მაგრამ ყველა დეტალთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღო მან გუნდთან ერთად და ეს არის ძალიან კარგი. საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე როდესაც ვსაუბრობდით და ეს დაადასტურა მამუკა ბახტაძემ, ესეც უკვე ნათლად გამოჩნდა პირველივე დღეების განმავლობაში, როდესაც კონსულტაციები გამართა გუნდის შემადგენლობასთან”, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.

მისვე განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში გამართულ კონსულტაციებზე პერსონალიებსა და კონკრეტული მინისტრობის კანდიდატებზე დისკუსია არ ყოფილა, თუმცა მას შემდეგ რაც სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება, შემდგომ დღის წესრიგში ახალი მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.

მდინარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი გუნდის წევრებთან კონსულტაციებს ამ თემებზეც გაივლის.