მამუკა მდინარაძე - პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების გარკვეულ პრინციპზე შევთანხმდით, ახალ შემადგენლობაში არ არის არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე
პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების გარკვეულ პრინციპზე შევთანხმდით, რომლის მიხედვით პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მასთან ერთად პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში მისი ორი მოადგილეა.
„ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილთან იყო კონსულტაციები კანდიდატების შერჩევის დროს, რადგან ის პარტიის თავმჯდომარედ ყრილობამ უნდა დაამტკიცოს. ახალ შემადგენლობაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე. პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების გარკვეულ პრინციპზე შევთანხმდით, რომ პარლამენტიდან მაგალითად იქნებოდა სპიკერატი. პარტიის წარმომადგენელი და ასახვა პარლამენტში არის ფრაქცია „ქართული ოცნება“, ამიტომ მე ვარ საბჭოში, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე და ჩემი ორი მოადგილე. ასევე გადავწყვიტეთ, რომ პოლიტსაბჭოში ყოფილიყო ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი და ორი მინისტრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრი იქნება.
„გიორგი კვირიკაშვილს აქვს უდიდესი საქმე და აბარია ქვეყანა. ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვფიქრობ, დამატებით ფუნქციები ამ ყველაფერს აღარ სჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ყოფნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას სურდა, მდინარაძემ აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოში პრინციპის შერჩევაში ყველა მოქმედი წევრი მონაწილეობდა.
„საწინააღმდეგო აზრი ფაქტობრივად არ გამოთქმულა. ასე რომ, რადგან ასეთი პრინციპი იყო სამართლიანად შერჩეული, ბატონი ნუკრიც ამ პრინციპს დაეთანხმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა. როგორც კალაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.
ამასთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი აღარ იქნება.