მამუკა მდინარაძე - პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება და ვერ შეფასდება ვერც კომპრომისად, ვერც ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმულ ნაბიჯად
მამუკა მდინარაძე - პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება და ვერ შეფასდება ვერც კომპრომისად, ვერც ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმულ ნაბიჯად

ერთადერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ, არის პლებისციტი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება.

„პლებისციტი არის საკითხი, რომელიც როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილია მცდელობად, თითქოს ეს არის რაღაც ნაბიჯი. ერთადერთი თემა, ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ დააყენეს და დღესაც ცდილობენ, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ ეს არის პლებისციტი. ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად, იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება. ერთი არგუმენტი უკვე დავასახელე – მაგალითად, ავიღოთ, რომ „ქართული ოცნების“ ყველა მომხრემ, ვინც მხარი დაუჭირა წინა არჩევნებში „ქართულ ოცნებას“, ისევ გაიმეორა, ოღონდ პლებისციტზე არდათანხმების გზით პირობითად ჩატარების შემთხვევაში და 48-49% შემთხვევაში არ ეთანხმება პლებისციტს, ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ლეგიტიმაცია ზუსტად იგივეა „ქართული ოცნების“, რაც არჩევნებზე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მაინც უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. წარმოუდგენელი ნონსენსია. შესაბამისად, როდესაც მთავრობის დაკომპლექტებას არ სჭირდება ლეგიტიმაცია, 50 პროცენტს პლიუს ერთი ხმა, ამ დროს ხელახალ არჩევნებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვიმსჯელოთ, რომ პლებისციტმა ასე გადაწყვიტოს, ასეთი წინადადების დაყენება უბრალოდ არარაციონალურია და ემსახურება გაყიდვას რაციონალურ ნაბიჯად, მეტს არაფერს. რა თქმა უნდა, ეს შეგიძლიათ, თქვენ შეაფასოთ როგორც „წითელი ხაზი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.