მამუკა მდინარაძე - პირველ ადგილზე გასულ, გამარჯვებულ პარტიას მეორეზე გასული პარტია 900 000 ხმით როცა ჩამორჩება, ეს ნიშნავს, რომ მათი ლეგიტიმაცია ნულოვანია, ახლა ცდილობენ, ეს ხალხს გადააბრალონ
საქართველოში როცა ტარდება არჩევნები და პირველ ადგილზე გასულ მმართველ პარტიას, გამარჯვებულ პარტიას მეორე ადგილზე გასული პარტია ჩამორჩება 900 000 ხმით, ეს ნიშნავს, რომ მათი ლეგიტიმაცია არის ნულოვანი. ახლა ცდილობენ, ეს ამბავი ხალხს გადააბრალონ და ამასობაში „ჩაუფინონ“ ისიც, რომ, მათ შორის, ხალხზე გადაიტანონ აჯანყებისკენ მოწოდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა, რადგან ტყუილებში გაიხლართნენ და შედეგად, ვერც პატრონებთან აგვარებენ საქმეს და საკუთარ აქტივისტებთანაც დამალვა უწევთ, რაც გუშინ გამართულ აქციაზეც გამოჩნდა.
„რა მუხტსა და გეგმებზე უნდა ვილაპარაკოთ? მათი ყოველდღიური გეგმაა, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს. როდესაც ატყუებ საზოგადოებას, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, უკვე გასაქანი აღარ გაქვს, შენ თვითონ ჩიხში შედიხარ. ჩიხში შეიყვანეს თავი იმით, რომ ეუბნებოდნენ ამომრჩეველს, 25-30 პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“ და ახლა რა უნდა უთხრან, 30 პროცენტი გააყალბესო? ეუბნებიან, დაახლოებით 300 000 ხმა გაყალბდაო, მთლად 25 და 30 პროცენტი ვეღარ თქვეს. 300 000 ხმის გაყალბებას ელექტრონულ არჩევნებში არ იჯერებს არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ისეთ ტყუილებში გაიხლართნენ, ჩიხური სიტუაცია თავად შექმნეს. ვერც პატრონებთან ვეღარ ლაგდებიან, რადგან მათ დავალებებსაც ვეღარ ასრულებენ, ხალხთანაც მისასვლელი აღარ აქვთ. გუშინ ნახეთ, აქცია ჩაატარეს, რამდენიმე ასეული ადამიანი ძლივს მიიყვანეს, ვერცერთი ვეღარ გამოჩნდა – ერთი საერთოდ სადღაც გაიპარა, ერთი თუ ორი ლიდერი იყო, მგონი, მისული აქციაზე და დაიმალნენ, თავიანთ აქტივისტებს ემალებიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმების შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ, პოლიტიკოსები ამაში მონაწილეობენ, პირველ რიგში, ამას აკეთებს ხალხი“.