მამუკა მდინარაძე - პეტერ ფიშერი ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართულ სახელმწიფოს, ჩარჩა ძველ მესიჯბოქსში და შეურაცხყოფას აყენებს ხალხის არჩევანს, ხალხმა აირჩია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება
პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს პეტერ ფიშერის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ფიშერი ამბობს: „საქართველოში ძალაუფლებაში ვინც არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში, თუმცა მათ არ შეუძლიათ, ეს უთხრან მოსახლეობას“.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პეტერ ფიშერი თავის ძველ განწყობებში, ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა და შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს.
„ბევრმა გადახედა თავის განცხადებებს ბოლო პერიოდის განმავლობაში და ცდილობენ, მსგავს ეპითეტებს აღარ იყენებენ, მაგრამ ეს ადამიანი თავის ძველ განწყობებში, თავის ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა და, სამწუხაროდ, შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს. ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულება და მთავარი ხაზი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. როდესაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ მწვანე შუქს ასეთი ტერმინებისთვის, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, თუკი ვინმე და რამე აღვივებს ევროსკეპტიციზმს ამ ქვეყანაში, ეს არის უსამართლობა. ესენი არიან ამ უსამართლობის ავტორი ადამიანები. დღევანდელი მენეჯმენტი, სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის განცდაზე ფიქრსაც კი ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაში. საქართველოს, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება და გაწევრება სურს და არა იმ მენეჯმენტის მონობა, რომელიც უსამართლობას ისახავს მიზნად და შესაბამის მესიჯებსაც ამ მიზნიდან გამომდინარე ალაგებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.