მამუკა მდინარაძე - პარტნიორი ქვეყნის ელჩთან დაკავშირებით იყო კითხვები და ჩვენი მხრიდან პასუხის გაცემის თხოვნა, 48 დეპუტატის აზრით, ეს არის თავდასხმა, რაც ნიშნავს, რომ მათ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ
მამუკა მდინარაძე - პარტნიორი ქვეყნის ელჩთან დაკავშირებით იყო კითხვები და ჩვენი მხრიდან პასუხის გაცემის თხოვნა, 48 დეპუტატის აზრით, ეს არის თავდასხმა, რაც ნიშნავს, რომ მათ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ

ევრორეკომენდაციებში ბარიერთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი. სააკაშვილი წავა თუ მოვა, ეს არც ჩვენი საქმეა და არც მათ არ კითხავთ. მესამე, წარმოიდგინეთ, რა მოცემულობაა, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში, ჩვენ ვამბობთ, არ ბრუნდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება სააკაშვილის პოლიტიკური სივრციდან გასვლა, ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში და საარჩევნო ბარიერის დაწევა“.

„პირველი, ევრორეკომენდაციებში ბარიერთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ არის თქმული. სააკაშვილი წავა თუ მოვა, ეს არც ჩვენი საქმეა და არც მათ არ კითხავთ. მესამე, მართლა სასაცილო მდგომარეობაში ვარდებით. წარმოიდგინეთ, რა მოცემულობაა, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და ჩვენ ვამბობთ, არა, არ ბრუნდება. წარმოიდგენდით როდესმე, სასაცილო დასაწყისი ჰქონდა ამ ამბავს და ცოტა ირონიული პასუხი მომიწია, უკაცრავად, მაგრამ არ მგონია, სერიოზული იყოს ასეთ საკითხებზე ამგვარი საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება 48 ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის სახელმწიფოებრიობასთან 48 დეპუტატის დამოკიდებულების ლუსტრაცია.

„ჩვენ დღეს გავიგეთ, რომ თურმე ამ ქვეყნის პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან მათ ასევე მიაჩნიათ, თურმე, კითხვის დასმა და ამ კითხვაზე პასუხის გაცემის თხოვნა, განსაკუთრებით მკაფიო პასუხის გაცემის, ნიშნავს თავდასხმას. ე.ი მათ ეს ქვეყანა სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ, ეს არის ძალიან ცუდი. ამ ფსიქოლოგიით არათუ ოპოზიციაში, არამედ არსად არ უნდა იყოს ადამიანი. საერთოდ არ უნდა იყოს საჯარო პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ კითხვის დასმა არის თავდასხმა. ვისაც არ უნდა შეეხებოდეს ამ შემთხვევაში, დიახ, ვადასტურებ, ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩთან დაკავშირებით იყო ეს კითხვები და ჩვენი მხრიდან იყო კითხვებზე პასუხის გაცემის თხოვნა. და რადგან 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა, ნიშნავს, რომ მათ ქართულ სახელმწიფოზე, როგორც სახელმწიფოზე, არ აქვთ წარმოდგენა. მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.