მამუკა მდინარაძე - პარტიიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა
მამუკა მდინარაძე - პარტიიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა

პარტიიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უმრავლესობის სხდომაზე ისაუბრეს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებასა და სამომავლო გეგმებზე.

„დღეს საუბარი ბევრ თემაზე იყო. მათ შორის ვისაუბრეთ სასამართლოსა და მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე. განხილვის თემა იყო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გუშინ გამოქვეყნებული განცხადება, ასევე ვიმსჯელეთ დიდპარტიულ საკითხებზე, ჩვენს სამომავლო გეგმებსა და სამუშაო პროცესზე. მაგალითად, საპარლამენტო ცხოვრება ძალიან აქტიურად განახლდა. განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში ხვალ მოდის, ზეგ კი, მინისტრი მაია ცქიტიშვილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმდნენ, რომ გუნდური თამაშის წესები მაქსიმალურად უნდა დაიცვან.

„არავის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. გარკვეულ თემებზე ვისაუბრეთ და რამდენიმე დღეში დეტალებს გადავწყვეტთ. შეთანხმების საგანი იყო შიდაპარტიული თემები და რამდენიმე საკითხსა და გარკვეულ პრინციპებზე შევთანხმდით, რომ გუნდური თამაშის წესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნით მეტი უნდა ვიმუშაოთ და პოზიციები უფრო შევაჯეროთ.

ჩვენ გუნდის თითოეულ წევრსა და წარსულს ვუფრთხილდებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გუნდი შენარჩუნებული იყოს. შეუძლებელი და ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ვინმეს საუბარი ავუკრძალოთ. პატივს ვცემთ გუნდურობას, რომლის დაცვაც ყველას შეუძლია და ყველას ვალია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.