მამუკა მდინარაძე - ორპარტიული მხარდამჭერი აქტის მიღება საქართველოსა და ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი უდავო წარმატებაა 
მამუკა მდინარაძე - ორპარტიული მხარდამჭერი აქტის მიღება საქართველოსა და ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი უდავო წარმატებაა 

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ორივე ძირითადი დანაყოფის მეშვეობით ავითარებს მოსაზრებას, რომ საქართველო გაქრა საერთაშორისო რადარებიდან, მაშინ, როდესაც ვნახეთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ორპარტიული მხარდამჭერი აქტი, რაც საქართველოს და ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი უდავო წარმატებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„აქ ყველაფერი უდავო და მარტივია, როდესაც ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას, რასაც ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემა ჰქვია, დეოკუპაცია და ამ გზაზე ჩვენი სამომავლო პერსპექტივები გამოწვევაა, პირველი რიგის პოზიტივია, როდესაც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მხარს გიჭერს; პირველი რიგის პოზიტივია, როდესაც გიფასებენ, რომ სწორ გზაზე დგახარ და მხარს უჭერენ იმას, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას, ჩვენ სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკით ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მდინარაძის თქმით, საქართველოში ოპოზიციას არავინ უწყენს, თუ ყველაფერში ნეგატივს არ მოძებნიან.

„ვფიქრობ, არავინ უწყენს ოპოზიციას, არც მისი ამომრჩეველი, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ მათაც გაუხარდებათ ეს ყველაფერი და ამაშიც რაღაც ჩასაკირკიტებელსა და ნეგატივს არ მოძებნიან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველომ პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკა უნდა გააგრძელოს, რომელსაც მხარს უჭერს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლელი, ევროპელი პარტნიორები.

„არის გარკვეული დეტალები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციური ხასიათის არც მოქმედება და არც განცხადება ქვეყანას არ წაადგება. არსებობს რაღაც საკითხები, სადაც პოლიტიკური სპეკულაციები ღალატის ტოლფასია. როდესაც ასეთ მხარდაჭერაზეა საუბარი, აქაც რომ არ იპოვონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რაღაც სასპეკულაციო, ძალიან კარგი იქნება. ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა ყველას ერთად უნდა გაგვიხარდეს. ეს არ არის პოლიტიკური ჯგუფის მიმართ მხარდაჭერა, ეს ქვეყნის მიმართ მხარდაჭერაა და ქვედინებების, ნეგატიურის ძებნა ძალიან ცუდია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.