მამუკა მდინარაძე - ოპოზიციური პარტიები ვალდებული არიან, უპასუხონ მთავარ კითხვას, მიჰყვებიან თუ არა რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ რევოლუციურ სცენარში
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციური პარტიები ვალდებული არიან, უპასუხონ მთავარ კითხვას, მიჰყვებიან თუ არა რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ რევოლუციურ სცენარში

რადიკალური ოპოზიციის მიზანი არც არასდროს ყოფილა შეთანხმების მიღწევა, ველოდით, რომ ისინი რევოლუციური სცენარის დაანონსებას დაიწყებდნენ, – ამის შესახებ განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კითხვაზე, რომ გაზაფხულიდან ოპოზიციის წარმომადგენლები აქციების გამართვას აპირებენ და რევოლუციურ სცენარს აანონსებენ.

„ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის და დარწმუნებული ვარ, მათი რევოლუციური სცენარის შესახებ ინფორმაცია ასევე საზოგადოებისთვისაც უკვე ძალიან მოძველდა. თუკი მათ მოქმედებებსა და განცხადებებს ოდნავ ობიექტურად მაინც გააანალიზებ, ბუნებრივია, ყველა დავრწმუნდებით, რომ მათი მიზანი, განსაკუთრებით საუბარი მაქვს რადიკალურ ოპოზიციაზე, არც არასდროს ყოფილა შეთანხმების მიღწევა, კონსტრუქციულობა. სამწუხაროდ, არც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. ამიტომ ჩვენ ველოდით, საზოგადოებაც ელოდა, რომ ისინი კვლავ რევოლუციური სცენარების დაანონსებას დაიწყებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ვალდებული არიან, უპასუხონ მთავარ კითხვას, მიჰყვებიან თუ არა რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ რევოლუციურ სცენარში.

„მათ რესურსი არ აქვთ, სერიოზული არეულობა შემოიტანონ, მათთვის სამწუხაროდ და საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნისთვის. ორი პარტიაა ძირითადად ამ სცენარის ავანგარდში, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. დანარჩენი პარტიები კი, ვფიქრობ, ვალდებული არიან, პასუხი გასცენ მთავარ კითხვას, მიჰყვებიან თუ არა ამ რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში. ეს იქნება მათი ამომრჩევლის წინაშე ვალდებულება, უპასუხონ ერთ-ერთ მთავარ კითხვას. ეს გამოწვევა მათ აქვთ. დანარჩენ პარტიებს მოვუწოდებ, ზუსტად გასცენ პასუხი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მიჰყვებიან თუ არა რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს რევოლუციურ სცენარში. მათი ამომრჩევლის გადაწყვეტილების სწორი საფუძველი იქნება სამომავლოდ ეს ყველაფერი. როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი საუბრობს იმაზე, თითქოს მათი მიზანია შეთანხმება, აქ ტყუილი ძალიან მარტივად გასაშიფრია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.