მამუკა მდინარაძე - ოპოზიციონერები სიტყვით პროდასავლელები არიან, საქმით კი, ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებენ
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციონერები სიტყვით პროდასავლელები არიან, საქმით კი, ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციონერები სიტყვით და განწყობებით პროდასავლელები არიან, საქმით კი, ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებენ.

ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე ოპოზიციის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, 73 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიცია საერთო კანდიდატებს წარადგენს.

მისი თქმით, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ დაეთანხმება მხოლოდ თავის ვერსიას და ამის გარდა არაფრის გაგონება არ უნდა, ეს არის ულტიმატუმი, არადა, საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს კონსენსუსიკენ მოუწოდებს.

„აქედან გამომდინარე, ისინი საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას არ ითვალისწინებენ. რაც შეეხება საერთო მაჟორიტარებს, ეს მათი ნებაა. თუ ოპოზიცია ყველა ერთად საერთო მაჟორიტარზე შეთანხმდება, მათ აქვთ გარკვეული წარმატების შანსი. ერთის მხრივ, ამბობენ, რომ თურმე, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 20 და 35-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, თუმცა შემდეგ თავად ამბობენ იმასაც, რომ მაჟორიტარული სისტემა „ქართული ოცნების“ უპირატესობაა. ეს ორი რაღაც ერთმანეთს არ შეესაბამება და თავის ლოგიკაში ირევიან, რადგან მაჟორიტარული სისტემა არის იმ ძალის უპირატესობა, რომელსაც მაღალი რეიტინგი გააჩნია. ამიტომ, ახლა უნდა ჩამოყალიბდნენ, არის თუ არა ეს უპირატესობა, ანუ, ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ და მეორეს მხრივ, გვაქვს თუ არა 20-25 პროცენტიანი რეიტინგი. რაღაცაზე უნდა ჩამოყალიბდნენ, რადგან ორივე ერთად შეუძლებელია“, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატის განცხადებით, როგორც კი, თავის დროზე, საუბარი პროპორციულ სისტემაზე ნულოვანი ბარიერით დაიწყო, ოპოზიციამ მაშინვე დაიწყო პატარ-პატარა პარტიების ბულინგი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შესულიყვნენ და შემდეგ კი, თავად განაცხადეს, რომ ისინი რუსულ ძალებთანაც შევლენ კოალიციაში.

„ეს არის მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია და რეალური სახის გამოჩენა, თუმცა 2008 წლის შემდეგ ორ თვეში რაც მოხდა, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარი დაუჭირეს იმას, რომ თითქოს, ქართულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს მოქმედებები და თითქოს, ცხინვალი კასეტური ბომბებით დაბომბეს, ამის შემდეგ მათი რუსული დამოკიდებულებები არ გამიკვირდება. სიტყვით და განწყობებით არიან პროდასავლელები, საქმით, ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებენ“, – დასძინა მდინარაძემ.